ტელეკომპანია ABC-მ და სტრიმინგ პლატფორმა Hulu-მ გაავრცელეს საკულტო კომედიური სერიალ „კლინიკის“ (Scrubs) აღორძინებული ვერსიის ახალი ტრეილერი, რომლის პრემიერაც 2026 წლის 25 თებერვალსაა დაგეგმილი. როგორც გამოცემა Deadline იუწყება, ABC-ის ახალი „კლინიკა“ მოგვითხრობს JD-სა (ბრაფი) და თურქზე (ფეისონი), რომლებიც დიდი ხნის შემდეგ პირველად ერთად უბრუნდებიან სამედიცინო პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა და სტაჟიორები შეიცვალა, მათი მეგობრობა (bromance) დროს გაუძლო. „ძველი და ახალი პერსონაჟები „წმინდა გულის“ საავადმყოფოს წყლებში სიცილით, გულითადი მომენტებით და რამდენიმე სიურპრიზით იმოძრავებენ“, - ნათქვამია სტატიაში. „კლინიკის“ აღორძინებული ვერსიის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ: ახალი ტრეილერი არც ისე დეტალურად გვიყვება სამედიცინო შემთხვევების შესახებ, თუმცა ის აჩვენებს ორიგინალური სერიალის ვარსკვლავების დაბრუნებას, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში თავიანთ ხრიკებს აწყობენ, ასევე ხაზს უსვამს რამდენიმე ემოციურ მომენტსაც. „კლინიკის“ განახლებულ სერიალში მთავარ როლებს კვლავ შეასრულებენ ზაკ ბრაფი, დონალდ ფეისონი, სარა ჩოკი, ჯუდი რეიესი და ჯონ სი მაკგინლი, რომლებიც დაბრუნდებიან თავიანთ საკულტო როლებში - ექიმებისა და ექთნების ამპლუაში. აღორძინებული სერიალის შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია ბილ ლორენსი (Doozer Productions), ხოლო შოურანერის პოზიციას ასიმ ბატრა დაიკავებს. მსახიობების გარდა, ბრაფი, ფეისონი და ჩოკი ასევე აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჯეფ ინგოლდთან და ლიზა კაცერთან (Doozer Productions) და ბატრასთან ერთად. სერიალის პროდიუსერია 20th Television.