BBC-ის ჰიტ სიტკომი „მოჩვენებები“ დიდ ეკრანზე მხატვრული ფილმით ბრუნდება
პოპულარული BBC სიტკომი „მოჩვენებები“ დიდ ეკრანზე მხატვრული ფილმის სახით დაბრუნდება. ფილმში, სახელწოდებით „მოჩვენებები: ბათონ ჰაუსის ფლობა“, სერიალის თითქმის მთელი ორიგინალი სამსახიობო შემადგენლობა მონაწილეობას მიიღებს. გადაღებები მომავალ თვეში დაიწყება, რამაც ფანებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია.
მზად ხართ ბათონ ჰაუსში დასაბრუნებლად? სერიალ „მოჩვენებების“ ფანებს სიხარულის მიზეზი აქვთ, რადგან პოპულარული BBC სიტკომი ბრუნდება – თუმცა ახალი ფორმატით! საშობაო სპეშლიდან ორი წლის შემდეგ, სერიალის ამბავი დიდ ეკრანზე მხატვრული ფილმის სახით გაგრძელდება.
საყვარელი სიტკომი მოგვითხრობდა მაიკის (კიელ სმიტ-ბაინო) და ელისონ კუპერის (შარლოტ რიჩი) შესახებ, რომლებიც დასახლდნენ მოჩვენებებით სავსე ბათონ ჰაუსში. ელისონი, სიკვდილთან მიახლოებული გამოცდილების შემდეგ, მოჩვენებებთან ურთიერთობის უნარს იძენს.
2019 წელს პრემიერის შემდეგ, სერიალი ხუთი სეზონის განმავლობაში გადიოდა და, როგორც ჩანს, 2023 წლის სადღესასწაულო სპეშლით დასრულდა. თუმცა, ამ „ძველ ძაღლში“ სიცოცხლე ჯერ კიდევ არის – მხატვრულ ფილმს „მოჩვენებები: ბათონ ჰაუსის ფლობა“ მწვანე შუქი აენთო.
დადასტურდა, რომ სმიტ-ბაინო, რიჩი და ლოლი ადეფოპე თავიანთ როლებს განაახლებენ მეთიუ ბეინტონთან, საიმონ ფარნაბისთან, მართა ჰაუ-დუგლასთან, ჯიმ ჰოუიკთან, ლოურენს რიკარდთან და ბენ უილბონდთან ერთად, რომლებიც ასევე თანასცენარისტები არიან. საიმონ ჰაინდი, რომელმაც სერიალის მეოთხე და მეხუთე სეზონები, ასევე ორი საშობაო სპეშლი გადაიღო, დიდ ეკრანზე დაბრუნდება ფილმის რეჟისორის ამპლუაში, პროდიუსერებად კი ელისონ ოუენი და დებრა ჰეივორდი იმუშავებენ.
„ვფიქრობდით, რომ საბოლოო სეზონის ბოლოს ბათონ ჰაუსს დავემშვიდობეთ, – ნათქვამია სერიალის სხვადასხვა თანაშემქმნელისა და თანასცენარისტის განცხადებაში. – არასდროს ვგეგმავდით დაბრუნებას. მაგრამ როცა ამ ისტორიის იდეა გაგვიჩნდა, ყველანი იმდენად აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ვერ გავუძელით ჩვენს მოჩვენებებით სავსე სახლში კიდევ ერთი თავგადასავლისთვის დაბრუნებას. მოუთმენლად ველით ერთად ყოფნას და ახალი, ბრწყინვალე სახეების მიღებას, რათა მოვყვეთ სიცოცხლისა და სიკვდილის ამ სულისშემძვრელ ისტორიას.“
„მოხარულები ვართ, რომ ეს ჰიტ კომედია დიდ ეკრანზე კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამოგვაქვს“, – დაამატეს ოუენმა და ჰეივორდმა, ხოლო პროდიუსერმა ელისონ კარპენტერმა თქვა, რომ „ერთგულ ფანებსაც და ახალბედებსაც სიურპრიზები ელოდებათ.“
ევა იეტსმა, BBC Film-ის დირექტორმა, განაცხადა: „BBC-ში ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს საყვარელ „მოჩვენებებს“ კიდევ ერთხელ ვაბრუნებთ, ამჯერად სახალისო და კინემატოგრაფიული თავგადასავლის სახით, აუდიტორიის სიამოვნებისთვის როგორც დიდ, ისე პატარა ეკრანზე.“
ფილმის „მოჩვენებები: ბათონ ჰაუსის ფლობა“ გადაღებები მომავალ თვეში, უესტ ჰორსლი პლეისსა და მიმდებარე სარის მხარეში დაიწყება, თუმცა გამოსვლის თარიღისთვის ცოტა ხანი კიდევ მოგვიწევს ლოდინი. სერიალ „მოჩვენებების“ ყურება BBC iPlayer-ზეა შესაძლებელი.
თეგები
წყარო:
www.digitalspy.com