2009 წლის პოპულარული ფილმი, რომელშიც ენ ჰეთეუეი და ქეით ჰადსონი თამაშობდნენ, სატელევიზიო სერიალად იქცევა. Peacock ემზადება 2009 წლის რომანტიკული კომედიის "Bride Wars" („პატარძლების ომები“) გადასაღებად – ამჯერად მცირე ეკრანისთვის. პროექტი ამჟამად დამუშავების ეტაპზეა და მისი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ემის ჯილდოს მფლობელი საშა როთჩაილდია („Huge in France“, „GLOW“). დაგეგმილ სერიალ „Bride Wars“-ის ადაპტაციაში მთავარ როლს ემა რობერტსი შეასრულებს, რომელიც ასევე იქნება პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი. Deadline-ის ინფორმაციით, რობერტსი ქორწილის დამგეგმავის როლს მოირგებს, რომელიც მალევე აღმოჩნდება კონკურენციაში სხვა ქორწილის დამგეგმავთან. სიუჟეტის აღწერა შემდეგნაირად გამოიყურება: „ჩრდილოეთ კაროლინას მომხიბვლელ ფონზე განვითარებული სერიალი „Bride Wars“ მოგვითხრობს დიდი ქალაქის ქორწილის დამგეგმავზე (ემა რობერტსი), რომლის ჩამოსვლა პატარა ქალაქში იწვევს ეპიკურ დაპირისპირებას საყვარელ ადგილობრივ დამგეგმავთან. როდესაც ორი ქალი იბრძვის ერთი და იგივე ქორწილის დასაგეგმად, მათი მეტოქეობა სწრაფად გადაიზრდება უფრო დიდ კონფლიქტში მეგობრობის, საზოგადოებისა და, საბოლოოდ, სიყვარულის გამო.“ რობერტსი ცნობილია მრავალი კინო და სატელევიზიო როლით, მათ შორის აღსანიშნავია ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა „აკვამარინი“, „ვალენტინობის დღე“, „კივილი 4“, „ჩვენ მილერები ვართ“, „პალო ალტო“, „კოსმოსური კადეტი“, „კივილის დედოფლები“ და „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ სხვადასხვა სეზონები („ფრიკ შოუ“, „აპოკალიფსი“, „1984“ და „დელიკატური“). ორიგინალურ ფილმ „Bride Wars“-ში ჰეთეუეი ემას როლს ასრულებდა, ხოლო ჰადსონი – ლივის, სადაც ისინი ბავშვობის ორ საუკეთესო მეგობარს განასახიერებდნენ, რომლებიც მეტოქეებად იქცეოდნენ მას შემდეგ, რაც შემთხვევით მათი ქორწილები იმავე დღეს, იმავე ადგილას დაჯავშნეს. სერიალის ადაპტაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ ორი პატარძალი დაუპირისპირდეს ერთმანეთს, სიუჟეტი ორი ქორწილის დამგეგმავის გარშემო განვითარდება, რომლებიც ერთსა და იმავე ღონისძიების ორგანიზებისთვის იბრძვიან. შოუს აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის არიან New Regency-დან არნონ მილჩანი, იარივ მილჩანი და ნატალი ლემანი; Belletrist-დან რობერტსი, ქარა პრეისი და მეტ მატრუსკი; და Crescent Line-დან ალექსანდრა მილჩანი და მარტინ სალგო. პროექტის შესახებ სხვა დეტალები ჯერ არ გამოცხადებულა. (წყარო: Deadline)