Comcast-ის Peacock-მა აბონენტების ზრდის ფონზე $552 მილიონი იზარალა
სტრიმინგ სერვისმა Peacock-მა მეოთხე კვარტალში 552 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასიანი აბონენტების რაოდენობა 44 მილიონამდე გაიზარდა. Comcast-ის განცხადებით, ზარალის ზრდა ნაწილობრივ NBA-ის და NFL-ის ექსკლუზიური თამაშების გაშვებას უკავშირდება. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული Warner Bros. Discovery-ის შეძენით, განსაკუთრებით, თუ გარიგება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებას გულისხმობს.
აბონენტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სტრიმინგ სერვისმა Peacock-მა გასულ კვარტალში 500 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა. Peacock-ის მფლობელმა კომპანია Comcast-მა დღეს მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაცხადა.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, კომპანიის ზარალმა 552 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 372 მილიონი დოლარი იყო. სტატიაში ნათქვამია, რომ Comcast-მა Peacock-ის გაზრდილი ზარალი ნაწილობრივ NBA-ის და NFL-ის ექსკლუზიური თამაშის გაშვებას დაუკავშირა.
როგორც ცნობილი გახდა, სპორტული და გასართობი კონტენტის წყალობით, Peacock-ის საერთო შემოსავალმა 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ კვარტალში დაფიქსირებულ 1.3 მილიარდ დოლარს აღემატება. ხუთშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ სტრიმინგ სერვისს 44 მილიონი ფასიანი აბონენტი ჰყავს, მესამე კვარტალის ბოლოს არსებულ 41 მილიონთან და წინა წლის 36 მილიონთან შედარებით.
Comcast-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჯეისონ არმსტრონგმა განაცხადა, რომ Peacock-ის ზარალი, სავარაუდოდ, 2026 წელს კვლავ „მნიშვნელოვნად შემცირდება“. აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან რობერტსმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ გადადგა კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები Warner Bros. Discovery-ის შესაძენად, გარიგებაზე, რომელსაც აქტიურად ესწრაფვიან Netflix და Paramount.
„რაც შეეხება Warner Bros.-ს, რა უნდა ვთქვათ, ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, შეგვექმნა ღირებულება Comcast-ის აქციონერებისთვის, მათი საერთაშორისო მიღწევების გათვალისწინებით, და ეს იქნებოდა დამატებითი ღირებულების მომტანი“, - განაცხადა რობერტსმა. „მაგრამ როგორც კი დავინახეთ, რომ საუბარი მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებაზე იყო, ჩვენ აღარ დავინტერესდით მსგავსი გარიგებით, რადგან არ გვინდოდა, რომ ეს ჩვენს ბალანსს გადატვირთავდა“.
„...ბევრი კომპანია სვამს კითხვას, თუ რას ნიშნავს ეს მათთვის? და ბევრი საუბარია იმაზე, არსებობს თუ არა ღირებულების შექმნის შესაძლებლობები, ჩვენ კი ყოველთვის ღია ვართ ამისთვის. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ შემოქმედებითად ვიასპარეზოთ, მივაღწიოთ წარმატებას და შევიდეთ ბიზნესის იმ ნაწილში, რომელიც შესაძლოა არ ჰგავს ყველასას და ვფიქრობ, ამას კარგად ვაკეთებთ“.
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net