Disney იმედოვნებს, რომ OpenAI-ის Sora-სთან დადებული შეთანხმება Disney+-ზე ჩართულობას გაზრდის. აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა პარტნიორობა უფრო დეტალურად განმარტა ორშაბათს, კომპანიის 2026 წლის პირველი კვარტლის მოგების შესახებ სატელეფონო კონფერენციაზე. სამწლიანი სალიცენზიო შეთანხმება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, Sora-ს დახმარებით შექმნან 30-წამიანი ვიდეოები დაახლოებით 250 დისნეის პერსონაჟით. შეთავაზების ნაწილი არ იქნება ის პერსონაჟები, რომლებსაც ადამიანის ხმა ან სახე აქვთ. „ეს აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, გვქონდეს მოკლე ვიდეოები Disney+-ზე“, — განაცხადა აიგერმა. „გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ Sora-ს ხელსაწყოებს გამოვიყენებთ Disney+-ის აბონენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მოკლე ვიდეოების შექმნა ჩვენს პლატფორმაზე.“ აიგერს მიაჩნია, რომ ფუნქცია „მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩართულობას“ და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს არ იმოქმედებს სხვა პროგრამების ნახვებზე. ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ 30 წამიანი ან უფრო მოკლე ვიდეოებზეა ორიენტირებული. Disney-ს ჯერ არ აქვს კონკრეტული ვადები, თუ როდის ამოქმედდება Sora-ს ფუნქციონალი Disney+-ზე. კომპანია ჯერ კიდევ მუშაობს ფუნქციის ტექნიკურ დეტალებზე. „ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება 2026 ფისკალურ წელს“, — თქვა აიგერმა. მომავალი ფუნქცია მსგავსია ESPN სტრიმინგ სერვისზე არსებულისა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ მათ მიერ შექმნილი მოკლე ვიდეოები. აიგერმა არ მიუთითა, რამდენად კარგად მუშაობდა ეს შეთავაზება პლატფორმაზე. თუმცა, აღმასრულებელმა დირექტორმა YouTube-ის მსგავს პლატფორმებზე მოკლე ფორმატის და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ზრდა დაასახელა ამ მიმართულებით სვლის მიზეზად. ESPN და Disney+ არ იქნებიან ერთადერთი სტრიმინგ სერვისები, რომლებიც მოკლე ფორმატის კონტენტს შემოგვთავაზებენ. Peacock-მა გამოიყენა თავისი აპლიკაციის შიდა მოკლე ვიდეოები ორიგინალური კონტენტის პოპულარიზაციისთვის და თაყვანისმცემლებისთვის კადრს მიღმა მასალის შესათავაზებლად. Netflix ასევე დაამატებს მოკლე ვიდეოებს თავის აპლიკაციაში 2026 წელს, რათა გაზარდოს კონტენტის აღმოჩენადობა.