პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გაეროს ყოფილი ელჩი სუზან რაისი და Netflix-ს მოუწოდა, გაეთავისუფლებინა ის სტრიმინგ კომპანიის საბჭოდან მას შემდეგ, რაც რაისმა ტრამპი და ის კორპორაციები გააკრიტიკა, რომლებიც მას ეპუებოდნენ. „Netflix-მა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს რასისტი, ტრამპით შეპყრობილი სუზან რაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებს თავად იწვნიოს“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში შაბათს, 21 თებერვალს. „მას არანაირი ნიჭი ან უნარი არ გააჩნია – ის წმინდა წყლის პოლიტიკური ჯაყოა! მისი ძალაუფლება გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდება. რამდენს უხდიან და რისთვის??? მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის. პრეზიდენტი დ.ჯ.ტ.“ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს Netflix-ს, არც ის განუმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს რაისს რასისტად. „შეგირდის“ ყოფილი ვარსკვლავი, როგორც ჩანს, რაისის კომენტარებს გამოეხმაურა, რომელიც მან 19 თებერვალს პოდკასტის „Stay Tuned With Preet Bharara“ ეპიზოდში გააკეთა. ამ ეპიზოდში რაისმა განაცხადა, რომ კორპორაციები, იურიდიული ფირმები, უნივერსიტეტები და მედია კომპანიები, რომლებმაც „ძალიან მოკლევადიანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“ გადაწყვიტეს „ტრამპის წინაშე დაჩოქება“, მომავალში ინანებენ ამას, რადგან დემოკრატების „ანგარიშვალდებულების დღის წესრიგი“ მოდის. „ვფიქრობ, ახლა იწყებენ გააზრებას, მოიცადეთ, ეს არ არის პოპულარული“, - ვარაუდობს რაისი. „ტრამპი არ არის პოპულარული. რასაც ის აკეთებს, იქნება ეს ეკონომიკისა და ხელმისაწვდომობის თუ იმიგრაციის საკითხებზე, არ არის პოპულარული. სავარაუდოდ, სიტუაცია შეიცვლება საპირისპირო მიმართულებით და ეს კომპანიები მოუმზადებლები და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ პასუხს აგებინებენ ისინი, ვინც ტრამპის წინააღმდეგ წავლენ და არჩევნებში გაიმარჯვებენ.“ მან დაამატა: „თუ ეს კორპორაციები ფიქრობენ, რომ დემოკრატები, როცა ისევ მოვლენ ხელისუფლებაში, ძველი წესებით ითამაშებენ და იტყვიან: „ოჰ, არაუშავს. გაპატიებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაათავისუფლეთ, ყველა პოლიტიკასა და პრინციპს, რომელიც დაარღვიეთ, ყველა კანონს, რომელიც გვერდი აუარეთ.“ ვფიქრობ, მათ სხვა რამ ელოდებათ. … ეს არ იქნება „აპატიე და დაივიწყე“ შემთხვევა. ზიანი, რომელსაც ეს ხალხი აყენებს, ძალიან მძიმეა ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.“ Netflix-ის ბიოგრაფიის მიხედვით, რაისი ერთადერთი ადამიანია, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლადაც და საშინაო პოლიტიკის მრჩევლადაც მსახურობდა. ის ასევე მუშაობდა აშშ-ის ელჩად გაეროში, იყო ამერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის სკოლის მოწვეული მკვლევარი და ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლის ბელფერის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის უფროსი არარეზიდენტი მკვლევარი.