God of War-ის ლაივ-ექშენ სერიალის გადაღებები ახლახან დაიწყო და Sony Pictures Television-მა და Amazon MGM Studios-მა სერიალის პირველი ფოტო გააზიარეს. ორი სტუდია შოუზე PlayStation Productions-სა და Tall Ship Productions-თან ერთად მუშაობს. ამის გარდა, Amazon-ი აცხადებს, რომ ადაპტაციას უკვე შეკვეთილი აქვს ორი სეზონი. ქვემოთ ნახეთ პირველი ოფიციალური კადრი, რომელშიც რაიან ჰერსტი და კალუმ ვინსონი მამა-შვილის, კრატოსისა და ატრეუსის როლებში არიან წარმოდგენილნი, რა დროსაც კრატოსი ატრეუსს ასწავლის სამიზნეში ისრის სროლას. God of War-ის სერიალი მამა-შვილის, კრატოსისა და ატრეუსის ისტორიას მიჰყვება, „როდესაც ისინი ცოლისა და დედის, ფეის ფერფლის გასაფანტად მოგზაურობას დაიწყებენ. მათი თავგადასავლების განმავლობაში, კრატოსი ცდილობს ასწავლოს შვილს, იყოს უკეთესი ღმერთი, ხოლო ატრეუსი ცდილობს ასწავლოს მამას, როგორ იყოს უკეთესი ადამიანი.“ ჰერსტისა და ვინსონის გარდა, PlayStation-ის ადაპტაციაში მონაწილეობენ მსახიობები: მენდი პეტინკინი ოდინის როლში, ედ სკრეინი ბალდურის როლში, მაქს პარკერი ჰეიმდალის როლში, ოლაფურ დარი ოლაფსონი თორის როლში, ტერეზა პალმერი სიფის როლში, ალასტერ დანკანი მიმირის როლში, ჯეფ გულკა სინდრის როლში და დენი ვუდბერნი ბროკის როლში. რონალდ დ. მური (Battlestar Galactica, Outlander) God of War-ის შოურანერის, აღმასრულებელი პროდიუსერისა და სცენარისტის როლს ასრულებს. დამატებითი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: მერილ დევისი, კორი ბარლოგი, ნარენ შანკარი, მეთიუ გრემი, ასად ქიზილბაში, ჯეფ ქეჩემი, ჰერმენ ჰულსტი, როი ლი და ბრედ ვან არაგონი. ჯო მენოსკი, მარკ ბერნარდინი, ტანია ლოტია და ბენ მაკგინისი სერიალის თანა-აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. ემის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა ფრედერიკ ე. ო. ტოიმ (Shōgun, The Boys, Fallout) ასევე მოაწერა ხელი კონტრაქტს სერიალის პირველი ორი ეპიზოდის გადასაღებად. სერიალი პირველად სამი წლის წინ გამოცხადდა. მაშინ განვითარების გუნდს შოურანერი რეიფ ჯადკინსი და The Expanse-ის შემქმნელები მარკ ფერგუსი და ჰოუკ ოსტბი ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, ერთი წლის წინ ისინი პროექტიდან წავიდნენ და მათ ნაცვლად მოვიდა რონალდ დ. მური, რომელიც ყველაზე ცნობილია Star Trek-ის ფრენჩაიზსა და Battlestar Galactica-ის რიმეიქში მუშაობით.