„დრაკონის სახლის“ მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი გაურკვევლობა უკვე გაქარწყლდა: HBO-ს სერიალი მართლაც ოთხი სეზონის შემდეგ დასრულდება. კეისი ბლოისმა, HBO-ს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, პარასკევს Deadline-ს დაუდასტურა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ პრიქუელის მანამდე გამოცხადებული მეოთხე სეზონი ასევე უკანასკნელი იქნება. „დიახ, ეს არის იდეა“, – თქვა ბლოისმა კითხვაზე, დაასრულებდა თუ არა მე-4 სეზონი სერიალს. „იდეა ყოველთვის იყო ტარგარიენების ისტორიის გაყოლა. თუ იცით წიგნები, იცით, როგორ მთავრდებიან ტარგარიენები. ასე რომ, ტარგარიენთა ამ სახლის ისტორიას ბუნებრივი დასასრული აქვს.“ „დრაკონის სახლის“ შოურანერმა რაიან კონდალმა ადრე, 2024 წლის აგვისტოში, განაცხადა, რომ შოუ სულ ოთხი სეზონის განმავლობაში გაგრძელდებოდა. მაგრამ როდესაც HBO-მ მოგვიანებით, გასულ ნოემბერში, ოფიციალურად გამოაცხადა მე-4 სეზონის განახლების შესახებ, არ იყო ნახსენები, რომ მეოთხე სეზონი შოუს ბოლო იქნებოდა. თუმცა, ფანებს ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ ფინალური ეპიზოდების ეთერში გასვლამდე: „დრაკონის სახლი“ ამ ზაფხულს მხოლოდ მე-3 სეზონით დაბრუნდება (ზუსტი პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია), მე-4 სეზონი კი 2028 წლისთვის არის დაგეგმილი. ბლოისის თქმით, არ არის ინფორმაცია, იქნება თუ არა ბოლო სეზონი გაფართოებული (ეპიზოდების რაოდენობის მხრივ). „კონდალი ასრულებს მე-3 სეზონის პოსტ-პროდუქციას და მწერლებთან ერთად მუშაობს იმაზე, თუ როგორი იქნება მე-4 სეზონი,“ – განუცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა Deadline-ს. „ჯერ არ ვიცი, ეპიზოდების რაოდენობაზე რა გადაწყვეტილება მიიღო.“ „დრაკონის სახლის“ ფანებო, თქვენი აზრით, ოთხი სეზონი საკმარისია სერიალისთვის? გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში.