ჯინ სიმონსის პროდიუსერობითა და რენი ჰარლინის რეჟისორობით გადაღებული ზვიგენების თრილერის „ღრმა წყლები“ თიზერ-ტრეილერი გამოვიდა
როკ-ჯგუფ Kiss-ის წევრის, ჯინ სიმონსის ახალი საპროდიუსერო კომპანიისა და რეჟისორ რენი ჰარლინის პირველი ერთობლივი პროექტი, ზვიგენების თრილერი „ღრმა წყლები“ კინოთეატრებში 2026 წლის 1 მაისს გამოვა. დღეს ფილმის პირველი თიზერ-ტრეილერი გავრცელდა, რომელიც მაყურებელს დაძაბულ და სამოქმედო სანახაობას ჰპირდება.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ როკ-ჯგუფ Kiss-ის წევრი ჯინ სიმონსი გერი ჰემილტონთან ერთად ახალ საპროდიუსერო კომპანიას, Simmons/Hamilton Productions-ს ქმნიდა. მათი პირველი პროექტი კი ზვიგენების თრილერი „ღრმა წყლები“ იყო, რომლის რეჟისორის სავარძელშიც „ღრმა ლურჯი ზღვის“ რეჟისორი რენი ჰარლინი მოიაზრებოდა. ფილმის წარმოება წარმატებით დასრულდა და Magenta Light Studios-ის განცხადებით, რომელიც Strange Darling-ის დისტრიბუტორია, კინოთეატრებში ის 2026 წლის 1 მაისს გამოვა. საზოგადოების ინტერესის გასაღვივებლად, დღეს ფილმის თიზერ-ტრეილერი გავრცელდა.
ფილმი, რომლის სცენარიც პიტ ბრიჯესსა და ჯონ კიმს ეკუთვნის, მოგვითხრობს საერთაშორისო მგზავრების ჯგუფზე, რომელთა თვითმფრინავიც ლოს-ანჯელესიდან შანხაისკენ მიმავალ გზაზე იძულებულია ავარიული დაჯდომა განახორციელოს ზვიგენებით სავსე წყლებში. დაშინებული ჯგუფი იძულებულია ითანამშრომლოს და გვერდზე გადადოს უთანხმოებები, თუ სურთ, რომ თავი დააღწიონ ჩაძირულ თვითმფრინავსა და ნამსხვრევებზე მოზიდულ გაცოფებულ ზვიგენებს.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ აარონ ეკჰარტი (ჰარლინის „კედლის მშენებელი“), სერ ბენ კინგსლი („განდი“), მოლი რაიტი (Netflix-ის „ჭეშმარიტი სული“), ანგუს სემპსონი („შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“), კელი გეილი („თვითმფრინავი“), მომღერალი და მსახიობი ლი ვენჰანი, რომელიც ჩინურ-კორეული K-Pop ჯგუფ UNIQ-ის წევრია, და ნაში („ღმერთების შექმნა I: ქარიშხლების სამეფო“).
ფილმის პროდიუსერები არიან Ying Ye (Arclight Films), Neal Kingston (Gabba Post), Grant Bradley და Dale Bradley (Aristos Films), Adrian Guerra და Xavier Parache (Nostromo Pictures). აღმასრულებელ პროდიუსერებად გვევლინებიან Brian Beckmann და Ryan Hamilton (Arclight Films), Vladimir Artemenko (Top Film Distribution), ასევე Rob Van Norden და Johanna Harlin. გადაღებები ახალ ზელანდიასა და ესპანეთში მიმდინარეობდა და 2023 წლის ბოლოს დასრულდა.
Magenta Light Studios-ის ხელმძღვანელმა ბობ იარიმ განაცხადა, რომ „ღრმა წყლები“ „საოცრად ახერხებს ეკრანზე თავგადასავლების, დაძაბულობისა და ინტენსივობის გადმოცემას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ნერვების მომშლელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სცენით, რაც კი ოდესმე ფილმში უნახავთ. ეს ისეთი ფილმია, რომელიც დიდ ეკრანზე საჩვენებლადაა შექმნილი და მოხარულები ვართ, რომ წელს მას კინოთეატრებში მაყურებელს შევთავაზებთ.“
რეჟისორმა ჰარლინმა დაამატა: „„ღრმა წყლები“ არის ისეთი ფილმი, რომელზეც ვოცნებობდი გადაღებაზე მას შემდეგ, რაც 70-იანი წლების კატასტროფის ფილმები შემიყვარდა. სანახაობრივი მოქმედებები და დაუვიწყარი პერსონაჟები, რომლებმაც კინოთეატრებში ცრემლი არავის შეაშრეს. ბობ იარი და მისი Magenta Light-ის გუნდი თავიდანვე ამ პროექტის უდიდესი მხარდამჭერები იყვნენ და მე ვამაყობ, რომ ფილმის ფართო კინოჩვენება გაიმართება, რადგან ის იმსახურებს, რომ ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ეკრანზე ნახონ და მოისმინონ.“
თეგები
წყარო:
www.joblo.com