მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ რ.რ. მარტინისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის ფანტასტიკური თხრობის სტილი განსხვავებულია, მარტინს ესმის, რატომ ადარებენ მის ნამუშევრებს ტოლკინის შემოქმედებას. ის არ არის პირველი ფანტასტიკის ავტორი, რომლის ნაწარმოებებსაც „ბეჭდების მბრძანებლის“ მწერლის შემოქმედებას უპირისპირებენ (არც უკანასკნელი იქნება), თუმცა მარტინს ეს შედარებები არ აწუხებს. პირიქით, „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელი იმედოვნებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მკითხველი მისი ნაწერებით ისევე დაინტერესდება, როგორც ტოლკინის ნაწარმოებებით. მარტინმა ამის შესახებ ადრეც ისაუბრა გრეის დენტთან ინტერვიუში. როგორც მან მაშინ განაცხადა: „არ მგონია, რომ საქმე ჩემს მიერ მის ჩანაცვლებაში ან გადასწრებაში იყოს, ან მსგავს რამეში. თუ ჩემს ნაწარმოებებს 50 წლის შემდეგაც ისევე წაიკითხავენ, როგორც ტოლკინის ნამუშევრებს კითხულობდნენ, აღფრთოვანებული ვიქნები.“ ამ სტატიის დაწერის მომენტში, უამრავი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება მარტინის მიერ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ წიგნების დასრულებას, რომელიც HBO-ს „სამეფო კარის თამაშების“ საფუძველია. ამ ამბის დასრულება, რა თქმა უნდა, არ დააზარალებს მისი ნაწარმოებების მომავალში წაკითხვის შანსებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მარტინმა უკვე მოახდინა რეალური გავლენა პოპულარულ კულტურაზე. ამასთან, ის ყოველთვის გულახდილი იყო ტოლკინის შემოქმედებისადმი თავის სიყვარულზე. ჯორჯ რ.რ. მარტინმა „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველად თინეიჯერობისას წაიკითხა და მაშინ არ მოსწონდა ამბის უბედური დასასრული. მას უნდოდა, ფროდოს ბედნიერად ეცხოვრა, და გაბრაზებული იყო, რომ სარუმანმა დაანგრია შაირი ძალაუფლების ბეჭდის განადგურების შემდეგ. თუმცა, ზრდასრულ ასაკში, სწორედ ეს მიზეზებია, რის გამოც მარტინს უყვარს ჯ.რ.რ. ტოლკინის ისტორია. როგორც მან 2014 წელს Rolling Stone-ს განუცხადა: „ახლა, ყოველ ჯერზე, როცა ხელახლა ვკითხულობ „ბეჭდების მბრძანებელს“ – რასაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვაკეთებ – ვაფასებ შაირის განადგურების ბრწყინვალებას. ეს არის ის, რაც განასხვავებს წიგნს მისი ყველა მიმბაძველისგან. ტოლკინის სამყაროს რეალური ფასი ჰქონდა. „ბეჭდების მბრძანებლის“ ბოლოს უზარმაზარი სევდაა და მას ძალა აქვს. ვფიქრობ, ნაწილობრივ ამიტომაც კითხულობენ და ხელახლა კითხულობენ ადამიანები ამ წიგნებს.“ რა თქმა უნდა, ტოლკინის მუდმივი წარმატების ნაწილი შეიძლება მიეწეროს რეჟისორ პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ კინოადაპტაციებს. სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, რომ შუახმელეთის კიდევ უფრო მეტი კინო და სატელევიზიო პროექტი მზადდება (მაგალითად, „გოლუმზე ნადირობა“), სავარაუდოა, რომ ტოლკინის ლეგენდარული ლიტერატურა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს საზოგადოების ყურადღებას.