კელსი გრემერი: „აბსურდია იმის ფიქრი, რომ ადამიანი ტრანსგენდერს ვერ ითამაშებს“
მსახიობი კელსი გრემერი „მეგინ კელის შოუში“ ვინაობის პოლიტიკის გავლენასა და სამსახიობო როლებზე ისაუბრა, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ შემსრულებლებს „ადამიანური გამოცდილების ნებისმიერი ნაწილის“ თამაში უნდა შეეძლოთ. მან სკარლეტ იოჰანსონის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ სფეროში სულ უფრო მატულობს შეზღუდვები, როცა მსახიობს პერსონაჟის სათამაშოდ, თავად უწევს ეს პერსონაჟი იყოს. გრემერმა ჰოლივუდში რესპუბლიკელად ყოფნის სირთულეებზეც ისაუბრა და ამერიკული ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მსახიობი კელსი გრემერი ვინაობის პოლიტიკის გავლენას სამსახიობო როლებზე დასტირის და ამტკიცებს, რომ შემსრულებლებს „ადამიანური გამოცდილების ნებისმიერი ნაწილის“ თამაში უნდა შეეძლოთ. „აბსურდია იმის ფიქრი, რომ ადამიანი ტრანსგენდერს ვერ ითამაშებს“, – დასძენს მსახიობი.
„ფრეიზერის“ ვარსკვლავმა, „მეგინ კელის შოუს“ ხუთშაბათის ეპიზოდში, გააკრიტიკა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მსახიობებს საკუთარი პირადი იდენტობის მიღმა როლების თამაში არ შეუძლიათ. წამყვანმა მეგინ კელიმ გრემერის აზრს მხარი დაუჭირა და გაიხსენა წლების წინანდელი ფილმი, რომელიც გაუქმდა, რადგან მისი ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ტრანსგენდერი პერსონაჟის როლზე იყო დამტკიცებული.
გრემერმა განაცხადა, რომ ეს სულ უფრო ხშირად ხდება და, თავის მხრივ, ზღუდავს ადამიანებს მის პროფესიაში. „ჩვენ შევედით სამყაროში, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ პერსონაჟის სათამაშოდ, თავად უნდა იყო ეს პერსონაჟი“, – თქვა გრემერმა. „ასე რომ, სამწუხაროდ, სამსახიობო კარიერა აღარ იარსებებს, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ითამაშებ. მე ამას არ ვაპირებ. აბსურდია იმის ფიქრი, რომ ადამიანი ტრანსგენდერს ვერ ითამაშებს. მსახიობებს ეს, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს.“
მან დასძინა: „ჩვენი შემოქმედებითი ფანტაზიაა ის, რაც მსახიობებად გვაქცევს. ეს არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ რეალურად გეი ან სტრეიტი ვართ, ან რაიმე სხვა, ან დაქორწინებულები. ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ნებისმიერი რამ, რაც ადამიანური გამოცდილების ნაწილია, რადგან სწორედ ეს შეგვიძლია კარგად და ეს ნორმალურია.“
გრემერმა კელისთან ჰოლივუდში, როგორც ღიად რესპუბლიკელმა, მუშაობაზეც ისაუბრა. მათ ბევრ უსახელო ინდივიდზე მიუთითეს, რომლებიც, ალბათ, იგივე მიმართულებით არიან განწყობილნი, მაგრამ თავს დამოუკიდებელ პირებად აღწერენ, რათა ინდუსტრიაში მემარჯვენედ არ მოინიშნონ. „ჩვენ ამერიკაში ვცხოვრობთ. ჩვენ ყველა ამერიკელები ვართ. ეს უნდა გვახსოვდეს, – თქვა გრემერმა. – ყოველ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ ეს უნდა გვახსოვდეს – და რომ ჩემი თანამემამულე ამერიკელი ჩემი მტერი არ არის.“
თეგები
წყარო:
www.thewrap.com