კეტრინ ზეტა-ჯონსისთვის ჰოლივუდის დატოვება სულაც არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. „უენსდეის“ მსახიობმა, რომელიც მეუღლესთან, მაიკლ დუგლასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს, გამოცემა People-თან 2 თებერვლის ინტერვიუში ისაუბრა ჰოლივუდიდან გადასვლაზე და იმაზე, იმოქმედა თუ არა აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრებამ მის სამსახიობო კარიერაზე. „სასაცილოა. მაიკლთან ერთად აღმოსავლეთ სანაპიროზე მრავალი წელია ვცხოვრობ და საინტერესოა, იყო თუ არა ეს ჩემი კარიერისთვის საზიანო. ზუსტად არასოდეს ვიცი, რადგან არასდროს მივლია ლოს-ანჯელესში ქსელური კავშირების დასამყარებლად.“ წყვილი ამჟამად ნიუ-იორკიდან 40 წუთის სავალზე ცხოვრობს მას შემდეგ, რაც 2024 წელს უესტჩესტერის საგრაფოში საკუთარი სახლი გაყიდა. თუმცა, „დიდი ვაშლის“ (ნიუ-იორკის მეტსახელი) მიღმა ცხოვრება არ ნიშნავს, რომ მათ აქტიური სოციალური ცხოვრება არ შეინარჩუნეს. მათი წრე უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ჰოლივუდში ცხოვრების დროს. „ფაქტობრივად, უფრო მეტ დროს ვატარებ ნიუ-იორკელ ბიზნესმენებთან, უოლ სტრიტის ხალხთან, ხელოვნების მოღვაწეებთან. ჩვენი მეგობრები და ადამიანები, რომლებსაც ვხვდებით, განსხვავებულები არიან იმისგან, ვისაც ლოს-ანჯელესში შევხვდებოდი. და ეს სულაც არ არის საზიანო ლოს-ანჯელესისთვის ან იქ მცხოვრები ხალხისთვის; უბრალოდ, მე აქ ქალაქში რამდენიმე განსხვავებულ წრეში ვტრიალებ.“ ზეტა-ჯონსი და დუგლასი, რომლებიც ორ ათწლეულზე მეტია დაქორწინებულები არიან, ნიუ-იორკში 2013 წელს, ხანმოკლე განშორების შემდეგ გადავიდნენ. წყვილი 2014 წელს შერიგდა და აღმოსავლეთ სანაპირო თავიანთ მთავარ სახლად აქციეს, სანამ მოგვიანებით ყოფილ უესტჩესტერის სახლში დასახლდებოდნენ ორ შვილთან, 25 წლის დილანთან და 22 წლის კერისთან ერთად. დუგლასი ასევე არის 47 წლის კამერონ დუგლასის მამა, რომელიც მას ყოფილ მეუღლესთან, დიანდრა ლუკერთან ჰყავს. მას შემდეგ, რაც მათი შვილები გაიზარდნენ, წყვილმა გადაწყვიტა 12 მილიონი დოლარის ღირებულების ნიუ-იორკის ქონება გაეყიდა. 2024 წელს The Wall Street Journal-თან ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ გაყიდვის „სწორი დრო“ იყო. „როდესაც ჩვენი ირვინგტონის სახლი შევიძინე, ვიცოდი, რომ ჩვენი ოჯახი აქ ბევრ ბედნიერ დროს გაატარებდა და ასეც მოხდა. ახლა, როდესაც ჩვენმა ვაჟმაც და ქალიშვილმაც „ბუდე“ დატოვეს, გაყიდვის სწორი დრო დადგა.“ ახლა, 56 წლის ზეტა-ჯონსი და 81 წლის დუგლასი ძირითადად დროს ბერმუდისა და ევროპას შორის ანაწილებენ, თუმცა მათ ქონება მთელ მსოფლიოში ჰქონდათ, მათ შორის მსახიობის მშობლიურ უელსში (დიდი ბრიტანეთი), ესპანეთსა და, რა თქმა უნდა, კალიფორნიაში. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდეს ეკრანის ვარსკვლავი, სამუშაო მას თან სდევს. გასულ თვეში გამოვიდა „გალერისტი“, ხოლო Netflix-მა „უენსდეის“ კიდევ ერთი სეზონი შეუკვეთა. ზეტა-ჯონსმა სასიხარულო ამბავი 2025 წლის ივლისში Instagram-ის პოსტით გაავრცელა, სერიალის მეორე სეზონის გამოსვლამდე. „როდესაც ოთხშაბათი უკეთესი დღე გახდება🖤უენსდეის მე-3 სეზონი🖤ოფიციალურად…. ჩვენ დავბრუნდებით🖤“