როდესაც კრისტოფერ ნოლანი თანამედროვე ეპოქის ყველაზე ეპიკურ ფილმებს არ ქმნის, ის ამერიკის რეჟისორთა გილდიის (DGA) პრეზიდენტის ახალ თანამდებობას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება. მაშინ, როდესაც ჰოლივუდი აგრძელებს ბრძოლას ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებთან, არასტაბილურ კინოგაქირავებასთან, ცნობილი სახეების გაუქმებებთან, სამუშაო ადგილების დაკარგვასთან და სხვა საკითხებთან, ნოლანი დაკავებულია ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით ყველასთვის აქტუალური კითხვებზე პასუხების მოძიებით. DGA-ს პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაში ნოლანმა გააჟღერა თავისი მოსაზრებები Warner Bros./Netflix-ის მოსალოდნელ შერწყმაზე, სამუშაო ადგილების შემცირებაზე და ჰოლივუდის გაურკვეველ მომავალზე. „ჩვენ ძალიან, ძალიან სერიოზული შეშფოთება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნოლანმა DGA-ს ლიდერის რანგში პირველ ინტერვიუში სექტემბერში არჩევის შემდეგ. „ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი დროა ინდუსტრიისთვის. მსხვილი სტუდიის დაკარგვა უდიდესი დარტყმაა“. ჟურნალისტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში საუბრისას ნოლანმა გააფრთხილა, რომ კინოწარმოება ახალი ბიზნეს მოდელების თავდასხმის ქვეშაა, რომლებსაც არ აქვთ ინდუსტრიის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული. კრეატიულობის კუთხით მოკლე გზები არ არსებობს და თუკი მანქანებს მივცემთ წარმოსახვითი ადამიანების სამუშაოს შესრულების საშუალებას, შესაძლოა, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ახლა ვართ. „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ შექმნა ახალმა მოდელებმა ეს გათიშულობა – გულწრფელად რომ ვთქვათ – წარმოების დონესა და მომხმარებლის საერთო დანახარჯებს შორის“, – განაცხადა მან, შეშფოთება გამოთქვა რა ტექნოლოგიის ჰოლივუდისთვის „ხანჯლად“ ქცევის გამო. „ეს სრულიად მიუღებელია“. თავისი შეშფოთების გამოხატვისას ნოლანი შეეხო პრეზიდენტ ტრამპის მიერ საზღვარგარეთ გადაღებულ ფილმებზე 100%-იანი გადასახადის შემოთავაზებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აგრძელებს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პლატფორმის პროექტირებას, მისი იდეები ჰოლივუდის ამერიკაში შესანარჩუნებლად შესაძლოა გაუთვალისწინებელი გზებით დააზიანოს კინოწარმოების პროცესი. „არ ვიცი, როგორ იმუშავებს ტარიფების სისტემა“, – აღნიშნა ნოლანმა. „ვიტყვი, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამ იდეების ირგვლივ მსჯელობა დაიწყო, სტუდიების მხრიდან გაცილებით სერიოზული საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუმჯობესდეს სიტუაცია შეერთებულ შტატებში – რომ გულწრფელი ვიყო“. Warner Bros.-სა და Netflix-ს შორის შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით, ნოლანი აცხადებს, რომ მას (და, შესაბამისად, DGA-ს) სჭირდება მეტი დეტალი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს შერწყმა მთლიანად ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ის თანა-აღმასრულებელმა დირექტორმა, ტედ სარანდოსმა, პირობა დადო, რომ თეატრალური გამოშვებებისთვის 45-დღიან ფანჯარას შეინარჩუნებდა, DGA 60-დღიან ფანჯარას ამჯობინებს. ეს მხოლოდ 15 დღეა, მაგრამ ამ დრომ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ფილმისთვის კინოგაქირავებაში და მის ფარგლებს გარეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ფანჯარა შესაძლოა ერთ-ერთი საკამათო საკითხი გახდეს ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შერწყმის მუშაობის გადაწყვეტისას. „არის წამახალისებელი ხმები, მაგრამ ეს იგივე არ არის, რაც ვალდებულებები“, – განაცხადა ნოლანმა. „თეატრალური ფანჯარა ხდება ერთგვარი ადვილად გასაგები სიმბოლო იმისა, იმართება თუ არა Warner Bros., როგორც კინოდისტრიბუტორი, თუ ის ჩაერთვება სტრიმინგ პლატფორმაში. მაგრამ რეალობა ის არის, რომ სატელევიზიო და სტრიმინგის მხარეს არსებული საკითხები ჩვენი წევრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია“. და ბოლოს, ნოლანმა გამოთქვა შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენების გამო, განაცხადა რა, რომ კონტენტის შესაქმნელად გამოყენებული ხელსაწყოები რეჟისორებს აკარგვინებენ კონტროლსა და ხედვას. ხელოვნური ინტელექტი ასევე ქმნის „კრეატიული უფლებების“ ნაცრისფერ ზონას. ვის ენიჭება დამსახურება AI კონტენტისთვის, როდესაც ეს კონტენტი სხვა ადამიანების ნამუშევრების ნაწილების გამოყენებით იქმნება? მონაწილეობს თუ არა რეჟისორი კონტენტის შექმნაში, თუ მას მანქანა აწარმოებს? ვინ ფლობს არსებული ნამუშევრების ფრაგმენტებისგან შექმნილ კონტენტს? დიახ, ეს კოშმარია.