ლი კრონინის „მუმიას“ პირველი ტრეილერი გამოვიდა – ახალი ჰორორი კინოთეატრებში 2026 წელს
ცნობილი გახდა ლი კრონინის („ბოროტი მკვდრების აღზევება“) ახალი პროექტის, „მუმიას“ დეტალები და გამოვიდა მისი პირველი ტრეილერი. ფილმი, რომელიც არ არის დაკავშირებული Universal-ის კლასიკურ ფრენჩაიზთან, კინოთეატრებში 2026 წლის 17 აპრილს გამოვა. პროექტის პროდიუსერები არიან Atomic Monster და Blumhouse Productions.
2024 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ „ბოროტი მკვდრების აღზევების“ (Evil Dead Rise) რეჟისორი ლი კრონინი Atomic Monster-ის, Blumhouse Productions-ისა და New Line Cinema-სთვის ახალ ჟანრულ პროექტს დაწერდა და გადაიღებდა. იმავე წლის დეკემბერში გაირკვა, რომ იდუმალი პროექტი „მუმიას“ ახალ ხედვას წარმოადგენდა.
კრონინმა დაადასტურა: „ეს არ იქნება ისეთი „მუმია“, როგორიც აქამდე გინახავთ. მე დედამიწის სიღრმეებში ვიჭრები, რათა ზედაპირზე უძველესი და შემზარავი რამ ამოვიყვანო.“
ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის 17 აპრილს გამოვა – ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ლი კრონინის „მუმიას“ სრულმასშტაბიანი ტრეილერიც გავრცელდა.
ლი კრონინის „მუმიაში“ მთავარ როლებს ასრულებენ ჯეკ რეინორი („ზაფხულის მზედგომა“), ლაია კოსტა („ვიქტორია“), მეი ქალამავი („მთვარის რაინდი“), ვერონიკა ფალკონი („სამხრეთის დედოფალი“), ჰაიათ ქამილი („ვიკინგები: ვალჰალა“) და მეი ელგეტი („შეჯახება“).
უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან პროექტი New Line Cinema-ს ფარგლებში ხორციელდება, „უძველესი მუმიფიცირებული უკვდავების ირგვლივ განვითარებული ჰორორის ამ ახალ ვერსიას“ Universal-ის კლასიკურ ჰორორ ფრენჩაიზთან არაფერი აქვს საერთო. 2024 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Universal-ში სამი „მუმიას“ პროექტი მუშავდება, მათ შორის პრიქელი, რომელზეც სცენარისტი უეს ტუკი მუშაობს, და ბრენდან ფრეიზერის ფილმების გაგრძელება („მუმია“ 1999, „მუმია ბრუნდება“ და „მუმია: დრაკონის იმპერატორის სამარხი“). ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი ბრუნდებიან „მუმია 4-ისთვის“, რომლის რეჟისურას Radio Silence განახორციელებს დევიდ ქოგეშოლის სცენარის მიხედვით.
წარმოგიდგენთ ფილმის სიუჟეტს: ჟურნალისტის ახალგაზრდა ქალიშვილი უკვალოდ ქრება უდაბნოში. რვა წლის შემდეგ, განადგურებული ოჯახი შოკირებულია, როდესაც ის მათ უბრუნდება, მაგრამ ის, რაც სიხარულით სავსე შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ნამდვილ კოშმარად იქცევა.
ლი კრონინის ფილმს Atomic Monster და Blumhouse ერთობლივად აფინანსებენ. ჯეიმს ვანი, ჯეისონ ბლუმთან და ჯონ ქევილთან ერთად, პროდიუსერობას უწევს. მაიკლ ქლიარი, ჯადსონ სკოტი და მაკდარა ქელეჰერი აღმასრულებელი პროდიუსერების როლს ასრულებენ. ალაინა გლასტალი Atomic Monster-ის მხრიდან პროექტის ზედამხედველი აღმასრულებელია. კრონინის კომპანია Doppelgängers ასევე პროდიუსერობას უწევს ფილმს.
ტრეილერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს შეიძლება იყოს ყველაზე გაუკუღმართებული „მუმიას“ ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა.
თეგები
წყარო:
www.joblo.com