მაიკ ფლენაგანი სტივენ კინგის „ნისლის“ ახალ ადაპტაციას გადაიღებს
ცნობილი რეჟისორი მაიკ ფლენაგანი, რომელიც სტივენ კინგის ნაწარმოებების ეკრანიზაციებით არის განთქმული, Warner Bros. Pictures-ისთვის „ნისლის“ ახალ ადაპტაციაზე იმუშავებს. ეს იქნება ფლენაგენის მორიგი საშინელებათა ფილმი, რომელიც კინგის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნება.
მაიკ ფლენაგანი კიდევ ერთხელ გადაიღებს საშინელებათა ფილმს სტივენ კინგის ცნობილი მოთხრობის მიხედვით. ფლენაგანი ცნობილია Netflix-ის სატელევიზიო შოუებით, როგორიცაა „ბორცვის სახლის აჩრდილები“ (The Haunting of Hill House), „შუაღამის მესა“ (Midnight Mass), „აშერების სახლის დაცემა“ (The Fall of the House of Usher) და სხვა. საყვარელმა რეჟისორმა ასევე გადაიღო ფილმები: 2017 წლის „ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game), 2019 წლის „ექიმი ძილი“ (Doctor Sleep) და 2024 წლის „ჩაკის ცხოვრება“ (The Life of Chuck), რომელთაგან ყველა კინგის ნაწარმოებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, ფლენაგენმა ცოტა ხნის წინ შექმნა კინგის 1974 წელს გამოცემული რომან „კერის“ (Carrie) სატელევიზიო შოუ Prime Video-სთვის. ამ პროექტის გამოსვლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ფლენაგანი ამჟამად მუშაობს „ეგზორცისტის“ ახალ ფილმზე სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით, Deadline იუწყება, რომ მან ასევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Warner Bros. Pictures-ისთვის „ნისლის“ ახალი ადაპტაციის დასაწერად და გადასაღებად. „ნისლი“ თავდაპირველად 1980 წელს კინგის მიერ დაწერილი ნოველა იყო, რომელიც 2007 წელს ფრენკ დარაბონტის რეჟისორობით გადაღებულ ფილმად იქცა, სადაც მთავარ როლს თომას ჯეინი ასრულებდა. ასევე არსებობდა Spike TV-ის სერიალი მორგან სპექტორისა და ფრენსის კონროის მონაწილეობით, რომლის პრემიერა 2017 წელს შედგა, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა.
კინგის ნოველის აღწერა ასეთია: „ზაფხულის ქარიშხლის შემდეგ საშინელება ეშვება... დევიდ დრეიტონი, მისი ვაჟი ბილი და მათი მეზობელი ბრენტ ნორტონი ათობით სხვა ადამიანთან ერთად მიდიან ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში, რათა შეავსონ მარაგი უჩვეულო ქარიშხლის შემდეგ. იქ მისულებს უცნაური ნისლი ატყვევებს, რომელმაც ქალაქი მოიცვა. როდესაც იზოლაცია ნერვებზე მოქმედებს, რელიგიური ფანატიკოსი, ქალბატონი კარმოდი, იწყებს მათ შიშებზე თამაშს, რათა დაარწმუნოს, რომ ეს ღვთის შურისძიებაა მათი ცოდვებისთვის. ის მოითხოვს მსხვერპლშეწირვას და ორი ჯგუფი – მომხრეები და მოწინააღმდეგეები – ერთმანეთს უპირისპირდებიან. აშკარაა, რომ მაღაზიაში დარჩენა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს და დრეიტონები, მაღაზიის თანამშრომლებთან, ოლი უიკსთან, ამანდა დამფრისთან, აირინ რეპლერთან და დენ მილერთან ერთად, ცდილობენ გაქცევას. მაგრამ ის, რაც გარეთაა, შეიძლება იმაზე უარესი აღმოჩნდეს, რაც მათ უკან დატოვეს.“
ფლენაგენის „ნისლის“ გამოსვლის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net