ქარიზმა მადარანგი. მარტინ შორტის ქალიშვილის, კეტრინ ელიზაბეტ შორტის ტრაგიკული გარდაცვალების ცნობის შემდეგ, კომიკოსმა მარტინ შორტმა მისი ტურნეს თარიღები დიდი ხნის მეგობართან და თანამშრომელ სტივ მარტინთან ერთად გადადო. კომედიური დუეტის შოუ მილუოკის Miller High Life Theatre-ში პარასკევს, „The Best of Steve Martin & Martin Short“ ტურნეს ფარგლებში, ისევე როგორც ორი შოუ მინეაპოლისის Orpheum Theatre-ში შაბათს, გადაიდო. „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, სტივ მარტინისა და მარტინ შორტის შოუ, რომელიც თავდაპირველად 27 თებერვალს, პარასკევს, მილუოკიში იყო დაგეგმილი, გადაიდო“, – ნათქვამია მილუოკის თეატრის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ორივე საკონცერტო დარბაზმა განაცხადა, რომ ბილეთები ძალაში იქნება მომავალი, გადადებული თარიღისთვის, როდესაც ის დადგინდება. კეტრინი იყო სამი შვილიდან უფროსი, რომელიც შორტმა თავის გარდაცვლილ მეუღლე ნენსი დოლმანთან ერთად იშვილა, მის ორ ძმასთან, ოლივერთან და ჰენრისთან ერთად. „ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ კეტრინ ჰარტლი შორტის გარდაცვალებას“, – ნათქვამია შორტის წარმომადგენლის განცხადებაში. „შორტების ოჯახი განადგურებულია ამ დანაკარგით და ამჟამად განმარტოებას ითხოვს. კეტრინი ყველას უყვარდა და ემახსოვრებათ იმ სინათლისა და სიხარულისთვის, რომელიც მან მსოფლიოში შემოიტანა.“ გამოცემა People-ის ცნობით, სამართალდამცავები ორშაბათს საღამოს ჰოლივუდ ჰილზის რეზიდენციიდან მიღებულ ზარს გამოეხმაურნენ. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ზარი შესაძლო სუიციდს ეხებოდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის არ არის გამჟღავნებული. გავრცელებული ინფორმაციით, კეტრინს ჰქონდა საკუთარი კერძო პრაქტიკა და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა Amae Health კლინიკაში. 42 წლის კეტრინი ასევე ჩართული იყო ორგანიზაცია „Bring Change 2 Mind“-ში, რომელიც მუშაობს მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სტიგმის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ეხმარება სხვებს თავიანთი ისტორიების გაზიარებაში.