ავტორი: კორი გროუ მელანია ტრამპის შესახებ გადაღებულმა, Amazon-ის ხმაურიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „მელანია: ოცი დღე ისტორიამდე“ სალარო აპარატების მოლოდინს გადააჭარბა და 7 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა, მაშინ როცა ექსპერტები 1-დან 5 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ვარაუდობდნენ. ოთხშაბათს ღამით ამ ამბავზე სტივენ კოლბერტმა და ჯიმი ქიმელმა გულიანად იხალისეს. კოლბერტის თქმით, ამ ციფრებს კონტექსტი სჭირდება. „შვიდი მილიონი დოლარი სოლიდურ დასაწყისად მოჩანდა, სანამ არ გაიაზრებ, რომ ეს Amazon-ის მიერ დოკუმენტურ ფილმზე დახარჯული 75 მილიონი დოლარის 10 პროცენტზე ნაკლებია, რაც მოიცავს პირველი ლედისთვის მინიმუმ 28 მილიონი დოლარის გადახდას“, – თქვა მან „გვიან შოუში“. „ეს საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ გაგაღიმოს… თუკი ეს ფიზიკურად შესაძლებელი იქნებოდა“. მან ასევე მიიწვია მელანია ტრამპის იმიტატორი, რომელმაც ფილმის ახსნა სცადა. ქიმელმაც სხვა ციფრები დააყენა ეჭვქვეშ მისი „ჯიმი ქიმელ ლაივ!“ მონოლოგის დროს. „დღეისთვის, „მელანიას“ კრიტიკოსებისგან Rotten Tomatoes-ზე ხუთპროცენტიანი შეფასება აქვს“, – თქვა მან. „ეს ძალიან დაბალია. პერსპექტივაში რომ ვთქვათ, ეს ერთი პროცენტით ნაკლებია „ჯილიზე“, 2003 წლის „ბენიფერის“ სალარო ჩავარდნაზე, რომელსაც Rolling Stone-მა „განსაცვიფრებლად საშინელი“ უწოდა. პარადოქსულად, მან აღნიშნა, რომ Popcornmeter-ის (ფანების მოწონების რეიტინგი) მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. „აუდიტორიის შეფასება 99 პროცენტით დადებითია, რაც „ნათლიაზე“ ერთი პროცენტით მეტია“, – თქვა მან. „და დარწმუნებული ვარ, დონალდ ჯ. კორლეონეს ამასთან არაფერი ჰქონია საერთო“. რაც შეეხება ფულს, ქიმელმა იხუმრა, რომ Amazon-ის ტრაბახი იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში არამუსიკალური დოკუმენტური ფილმების საუკეთესო დებიუტი იყო, მხოლოდ კვამლი და სარკეები (მოტყუება) იყო. „ვფიქრობ, ეს არის მდიდრული გზა იმის სათქმელად, რომ მან მხოლოდ ათობით მილიონი დოლარი დაკარგა“, – განაცხადა მან. იხუმრა რა იმაზე, რომ შესაძლოა რესპუბლიკურმა ჯგუფებმა მასობრივად შეიძინეს ბილეთები ციფრების გასაზრდელად (თუმცა მან აჩვენა ქალების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „ეკლესიის ქალბატონებს“ უწოდებდნენ და ერთნაირად იყვნენ ჩაცმულნი), ქიმელმა ხელახალი დათვლა მოითხოვა. „გაგზავნეთ თულსი გაბარდი და FBI. დაიკავეთ ბილეთების აპარატები, პოპკორნის ვედროები, სალარო ქვითრები ამერიკის ყველა მულტიპლექსში“, – თქვა მან. მან ასევე გააკრიტიკა Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომლების დაახლოებით მესამედის გათავისუფლების გამო „მელანიას“ დაფინანსების შემდეგ.