„ჩვენი საყვარელი დედა. მასზე ხელს არასდროს ავიღებთ“, - განაცხადა NBC-ის წამყვანმა სავანა გათრიმ ხუთშაბათს დილით, როდესაც მან დედამისის, ნენსი გათრის მონაწილეობით გადაღებული სახლის ვიდეოები გააზიარა. დაკარგული 84 წლის ქალის ძებნა მეორე კვირაა გრძელდება. „ჩვენი საყვარელი დედა. მასზე ხელს არასდროს ავიღებთ“, - დაწერა NBC-ის წამყვანმა ინსტაგრამზე. „გმადლობთ ლოცვისა და იმედისთვის“. სავანას ოპტიმისტური გზავნილი გაკეთდა მას შემდეგ, რაც არიზონას ხელისუფლებამ ორი დღის წინ გაავრცელა ვიდეო და ფოტოები ნენსის სახლის კამერიდან, სადაც ჩანს ნიღბიანი და ხელთათმანიანი პირი მის კართან, 1 თებერვლის დილის საათებში. გამომძიებლებმა გაფრთხილება გაავრცელეს „Neighbors“ აპლიკაციის საშუალებით, ყველასთვის, ვინც ნენსი გათრის რეზიდენციიდან 2 მილის რადიუსში ცხოვრობს, და მოითხოვეს ნებისმიერი ვიდეო ჩანაწერი, სადაც შესაძლოა აღბეჭდილი იყოს უჩვეულო რამ 1 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში. პიმას ოლქის შერიფის დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა, რომ მათ აღმოაჩინეს რამდენიმე მტკიცებულება, მათ შორის შავი ხელთათმანები, რომლებიც დნმ ანალიზისთვის იქნა გადაგზავნილი. ტუსონის მაცხოვრებლებმა ადრე ადგილობრივ ტელეარხებს KVOA-სა და KOLD-ს განუცხადეს, რომ ხელისუფლება ითხოვდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს იანვრის ორი კონკრეტული დღიდან — 11 იანვარს, საღამოს 9 საათიდან შუაღამემდე, და 31 იანვარს, დილის 9:30-დან 11 საათამდე. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საეჭვო მანქანა შენიშნეს. ნენსი ბოლოს 31 იანვრის გვიან საღამოს ნახეს, სანამ 1 თებერვალს, დაახლოებით შუადღისას, მისი გაუჩინარების შესახებ შეატყობინებდნენ. „მათ უბრალოდ რამდენიმე ზოგადი შეკითხვა დაგვისვეს, აინტერესებდათ, ხომ არ გვქონდა რაიმე ინფორმაცია ნენსი გათრის საკითხთან დაკავშირებით. სურდათ ქონების დათვალიერება, შემდეგ კი კამერების ნახვა და ასე შემდეგ“, - განუცხადა AP-ს ოთხშაბათს ნენსის მეორე ქალიშვილის, ენის მეზობელმა. „მათ კონკრეტულად იანვრის 31 რიცხვისა და თებერვლის პირველი დღის დილის შესახებ იკითხეს, შემდეგ კი უნდოდათ გაეგოთ, ხომ არ გვინახავს რაიმე საეჭვო კამერებზე მას შემდეგ“, - დასძინა მან.