სერიალ „სიმფსონების“ ვარსკვლავი, ნენსი კართრაიტი, აქტიურად ებრძვის ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ საფრთხეს. თითქმის 40 წლის განმავლობაში კართრაიტი ახმოვანებდა ბარტ სიმფსონს ჰიტ სატელევიზიო სერიალში „სიმფსონები“, რომელმაც ცოტა ხნის წინ მე-800 ეპიზოდი აღნიშნა. კართრაიტმა ასევე გაახმოვანა მაყურებლისთვის საყვარელი მრავალი პერსონაჟი, მათ შორის რალფ უიგამი, ნელსონ მანცი და ტოდ ფლანდერსი. ახლა მან განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ მისცემს უფლებას, რომ შეცვალოს იგი. გამოცემა PEOPLE-თან საუბარში კართრაიტმა განმარტა, თუ რატომ არ სურს და არ სჯერა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მისი ან მისი კოლეგა ხმის მსახიობების ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოუხდენია ბარტ სიმფსონის პირდაპირი ციტირება და ხელოვნური ინტელექტისთვის არ უთქვამს „ჭამე ჩემი შორტები“ (eat my shorts), მან აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს არასოდეს შეეძლება ემოციების გადმოცემა ისე, როგორც მას. ის ასევე იმედოვნებს, რომ თავად შეძლებს აირჩიოს თავისი საბოლოო შემცვლელი, ნაცვლად იმისა, რომ ბარტის გასახმოვანებლად ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი მოდელი გამოიყენონ. კართრაიტმა თქვა: „ვფიქრობ, შემცვლელს [ხელოვნური ინტელექტის ნაცვლად] მე ავირჩევდი და გეტყვით, რატომაც – იმიტომ, რომ ხელოვნურ ინტელექტს გული არ აქვს და ვფიქრობ, ეს არის დაკარგული ინგრედიენტი. [ხელოვნური ინტელექტი] შეიძლება ნენსი კართრაიტის ხმას საკმაოდ მიუახლოვდეს, მაგრამ მე ვნება მაქვს. ჩვენ სულიერი არსებები ვართ, შეგვიძლია ვნება გამოვხატოთ და ადამიანები გავამხნევოთ. არ მგონია, რომ კომპიუტერს რაიმე მსგავსი შეეძლოს.“ 800 ეპიზოდის შემდეგ, „სიმფსონები“ კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს. სერიალი განახლდა მე-40 სეზონამდე, რაც მას, სულ მცირე, 2029 წლამდე გააგრძელებს. Disney-მ და 20th Century Studios-მა ასევე მწვანე შუქი აუნთეს „სიმფსონები 2“-ს, 2007 წლის „სიმფსონების ფილმის“ დიდი ხნის ნანატრ გაგრძელებას. „სიმფსონები 2“ კინოთეატრებში 2027 წლის 3 სექტემბერს გამოვა. მიუხედავად ამისა, კართრაიტმა მიანიშნა იმაზე, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მრავალი თაყვანისმცემლის გონებაში ტრიალებდა. რა მოხდება, თუ „სიმფსონების“ ერთ-ერთი ორიგინალური ხმის მსახიობი გადაწყვეტს წასვლას, პენსიაზე გასვლას, ან საბოლოოდ გარდაიცვლება? „სიმფსონებმა“ წლების განმავლობაში რამდენიმე მიდგომა აირჩია. 1999 წელს ფილ ჰარტმანის ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ, სერიალმა მისი პერსონაჟები, ლაიონელ ჰაცი და ტროი მაკლური, გააუქმა. ანალოგიურად, მარშა უოლასის გარდაცვალების შემდეგ 2013 წელს, „სიმფსონებმა“ გააუქმა ედნა კრაბაპელის პერსონაჟი, ხოლო ბარტმა ახალი მასწავლებელი, ქალბატონი პეიტონი მიიღო, რომელსაც კერი ვაშინგტონი ახმოვანებდა. ხმის მსახიობმა გრეი დელაილმა მარტინ პრინცს და ტყუპებს შერისა და ტერის გაახმოვანა მას შემდეგ, რაც რუსი ტეილორი გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ კი, 2025 წელს, პამელა ჰეიდენი პენსიაზე გავიდა ხმის მსახიობობიდან და კელი მაკლეოდი აირჩია მილჰაუსის შემცვლელად. ნენსი კართრაიტის მიერ ბარტ სიმფსონის არგახმოვანების იდეა შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ თუ „სიმფსონები“ გაგრძელებას აპირებს, შესაძლოა დადგეს დღე, როდესაც ახალი ხმის მსახიობი იქნება საჭირო. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს სერიალის დასრულების ნიშანი უნდა იყოს, მაგრამ „სიმფსონები“ აშკარად მნიშვნელოვანი სერიალია Disney-სთვის და თავად მსახიობებისთვის, რომლებსაც სიამოვნებთ ამ პერსონაჟების გახმოვანება ათწლეულების შემდეგაც კი. რა მომავალიც არ უნდა ჰქონდეს „სიმფსონებს“ და ამ პერსონაჟებს, ერთი რამ ცხადია: ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს გაიმეორებს იმ იუმორს და გულს, რასაც ნენსი კართრაიტი, ან „სიმფსონებზე“ მომუშავე ნებისმიერი ნიჭიერი ხელოვანი, თითოეულ ეპიზოდში დებს.