კირა ნაითლისა და მეთიუ მაკფედიენის მონაწილეობით 2005 წლის „სიამაყე და ცრურწმენის“ ადაპტაციაში გვხვდება ცნობილი „ხელების სცენა“, როდესაც მისტერ დარსი ელიზაბეტ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ გაღიზიანებით ამოძრავებს თითებს. Netflix-ის ახალი ადაპტაციის მოლოდინში, სტრიმინგ სერვისმა გაითვალისწინა მაყურებლის ინტერესი და შესაბამისად, გამოაქვეყნა თიზერი, რომელშიც ოთხი მოკლე კადრი სწორედ ხელებზეა ფოკუსირებული. Netflix-ის „სიამაყე და ცრურწმენის“ თიზერი ბევრს არაფერს ამხელს ადაპტაციის სიუჟეტზე, მაგრამ ეს არც არის საჭირო — წიგნი ხომ 200 წელზე მეტი ხნისაა და მრავალჯერ არის ადაპტირებული. თიზერში ნათლად ჩანს ემა კორინის ელიზაბეტ ბენეტი, სხვა კადრებში კი ვხედავთ, როგორ ეხება ხელები წერილს, გრძნობს წიგნის ყდას, თამაშობს კენჭებით და ცდილობს მათ დაჭერას. „სიამაყე და ცრურწმენის“ ეს ვერსია იქნება ექვსნაწილიანი ლიმიტირებული სერიალი, რომელსაც Netflix „რომანის ერთგულ, კლასიკურ ადაპტაციად“ გვპირდება. სერიალში საკმაოდ დიდი სამსახიობო დასი მონაწილეობს, მათ შორის ჯეკ ლოუდენი მისტერ დარსის როლში, ოლივია კოლმანი მისის ბენეტის როლში და რუფუს სიუელი მისტერ ბენეტის როლში. სერიალის სცენარისტია დოლი ოლდერტონი, რომელიც ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიით და მისი ეკრანიზაციით „ყველაფერი, რაც სიყვარულის შესახებ ვიცი“, რეჟისორის სავარძელში კი „Heartstopper“-ის რეჟისორი ევროს ლინი ზის. „სიამაყე და ცრურწმენა“ Netflix-ზე ამ შემოდგომაზე გამოვა.