Netflix-მა სტივენ სპილბერგის ახალი სერიალის „დინოზავრების“ გამოსვლის თარიღი და ტრეილერი გამოაქვეყნა
სტივენ სპილბერგი დინოზავრების სამყაროს უბრუნდება Netflix-ის ახალი ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალით „დინოზავრები“, რომლის პრემიერა 6 მარტს შედგება. სერიალს, რომელშიც უახლესი ვიზუალური ეფექტები იქნება გამოყენებული, ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმენი გაახმოვანებს.
სტივენ სპილბერგი დინოზავრების სამყაროს უბრუნდება Netflix-ის ახალი სერიალით, რომლის გამოსვლის თარიღი ახლახან გახდა ცნობილი.
მას შემდეგ, რაც 1993 წელს „იურული პარკის“ გამოსვლამ ბლოკბასტერული ფილმების სამყარო სამუდამოდ შეცვალა, სპილბერგი ფრენჩაიზთან აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში აგრძელებს თანამშრომლობას. ახლა ის კვლავ მზადაა, გამოიკვლიოს პრეისტორიული არსებები, ამჯერად, როგორც მომავალი ოთხნაწილიანი სერიალის „დინოზავრების“ შემოქმედი.
Netflix-მა დაადასტურა, რომ „დინოზავრები“ პლატფორმაზე 6 მარტს გამოვა. გამოსვლის თარიღთან ერთად დოკუმენტური სერიალის ახალი ტრეილერიც გავრცელდა.
„დინოზავრები“ დედამიწაზე დინოზავრების აღზევებასა და დაცემას გამოიკვლევს, მათ წარმოშობასა და პლანეტის განვითარებაში მათ მნიშვნელობას, ისევე, როგორც მათ საბოლოო გადაშენებას. როგორც ტრეილერში ჩანს, ოსკაროსანი მსახიობი მორგან ფრიმენი სერიალის მთხრობელი იქნება. სერიალში გამოყენებულია უახლესი ვიზუალური ეფექტები დედამიწის ისტორიის ამ პერიოდის გამოსახატავად.
სპილბერგი სერიალის აღმასრულებელ პროდიუსერად მოგვევლინება თავის საპროდიუსერო კომპანია Amblin Entertainment-თან ერთად. სერიალი ასევე აღნიშნავს სპილბერგისა და „ჩვენი პლანეტის“ შემქმნელების თანამშრომლობას.
რაც შეეხება სერიალში წარმოდგენილი დინოზავრების ტიპებს, მაყურებელს შეუძლია ელოდოს ისეთ პროტო-დინოზავრებს, როგორიცაა მარასუხუსი (Marasuchus), ასევე უფრო დიდ არსებებს, როგორიცაა პლატეოზავრი (Plateosaurus) და მამენჩიზავრი (Mamenchisaurus). ასევე გამოჩნდებიან სტეგოზავრი (Stegosaurus) და ანკილოზავრი (Ankylosaurus), ისევე როგორც საშიში მტაცებლები, როგორიცაა ალოსავრი (Allosaurus) და ტირანოზავრი რექსი (Tyrannosaurus rex). ზღვის ბინადარი დინოზავრები, როგორიცაა პლიოზავრი (Pliosaurus) და მოზაზავრი (Mosasaurus), ასევე შევლენ სერიალში.
სპილბერგისთვის „დინოზავრები“ წინ უსწრებს მის დაბრუნებას სამეცნიერო ფანტასტიკის ბლოკბასტერულ კინემატოგრაფიაში ფილმით „Disclosure Day“, რომელიც კინოთეატრებში 12 ივნისს გამოვა. მომავალ ფილმში მთავარ როლებს ემილი ბლანტი და ჯოშ ო’კონორი ასრულებენ, მისი სიუჟეტი კი დედამიწაზე უცხოპლანეტელების ჩამოსვლას ეხება.
„დინოზავრებს“ ასევე მოსდევს რეჟისორ გარეტ ედვარდსის „იურული სამყარო: აღორძინება“ (Jurassic World: Rebirth), რომელიც გასულ წელს გამოვიდა და რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სპილბერგი იყო.
გაურკვეველია, რა ელის „იურული პარკის“ ფრენჩაიზს ამ ფილმის შემდეგ, მაგრამ სპილბერგი, სავარაუდოდ, აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში იქნება ჩართული ნებისმიერ სამომავლო ნაწილში. ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ მიიღებს მაყურებელი „დინოზავრებს“, მაგრამ სპილბერგის მონაწილეობა და მისი გამოცდილება პრეისტორიული არსებების გაცოცხლებაში, მას აუცილებლად სანახავ პროექტად აქცევს. ცხადია, ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს, რადგან სერიალის პრემიერამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.
თეგები
წყარო:
screenrant.com