Paramount Skydance-მა, რომელიც Warner Bros. Discovery-ის შეძენას ცდილობს, მეოთხე კვარტალში სატელევიზიო რეკლამიდან და დისტრიბუციიდან მიღებული შემოსავლების კლება დააფიქსირა, რამაც პერიოდის განმავლობაში ზარალის გაფართოებას შეუწყო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სტრიმინგისა და კინო ოპერაციების შემოსავლები გაიზარდა. CBS მაუწყებლობის ქსელისა და Paramount+-ის მფლობელმა კომპანიამ ზარალი დააფიქსირა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა – 224 მილიონი დოლარიდან 573 მილიონ დოლარამდე, მიუხედავად შემოსავლების 2%-იანი ზრდისა. Paramount-მა მეოთხე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა იმ ფონზე, როდესაც აძლიერებს Warner Bros. Discovery-ის შეძენის მცდელობებს. Warner Bros. Discovery განიხილავს Paramount-ის განახლებულ წინადადებას კომპანიის მთლიანად შესყიდვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გააფორმა შეთანხმება HBO Max-ის სტრიმინგ სერვისისა და Warner-ის სტუდიების Netflix-ისთვის მიყიდვაზე. „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა Paramount-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ელისონმა აქციონერებისთვის გაგზავნილ წერილში და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა „მომავლისთვის კომპანიის ტრანსფორმაციის მიზნით არჩეულ გზაზე კვლავაც დარწმუნებულია“. Paramount-ის განცხადებით, სტრიმინგ ოპერაციებში შემოსავალი 10%-ით გაიზარდა და 2.21 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო კინო-გასართობი სექტორიდან მიღებული შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და თითქმის 1.26 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თუმცა, კომპანიის უმსხვილეს ბიზნესში, სატელევიზიო ქსელებში, შემოსავალი 5%-ით შემცირდა და 4.7 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის 4.98 მილიარდ დოლართან შედარებით ნაკლებია. Paramount-მა აღნიშნა, რომ კვარტლის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით შემცირდა, ხოლო დისტრიბუციიდან მიღებული შემოსავალი 7%-ით დაეცა. კომპანია მომავალში უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს, 2026 წლისთვის შემოსავლების 4%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო უოლ სტრიტისთვის წლის პირველი კვარტლისთვის შემოსავლის პროგნოზი 7.15 მილიარდიდან 7.35 მილიარდ დოლარამდე შეადგენს. ეს მაჩვენებლები პერიოდისთვის შემოსავლების 1%-იან კლებას ან 2%-იან ზრდას ნიშნავს. Warner-ის შეძენა ხელს შეუწყობს კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, – განაცხადა ელისონმა წერილში. კომპანია Warner-ს განიხილავს, როგორც „აქსელერანტს“ მიზნების „უფრო სწრაფად მიღწევისთვის, ისე, რომ ეს ეკონომიკურად მიმზიდველი იყოს Paramount-ის აქციონერებისთვის.