როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რასელ ბრენდმა 24 თებერვალს, სამშაბათს, ლონდონის სასამართლოში სექსუალური ხასიათის დანაშაულში წაყენებულ ორ ახალ ბრალდებაზე თავი უდანაშაულოდ ცნო. კომიკოსი და იუთუბერი საუზუარკის სამეფო სასამართლოში წარსდგა, სადაც ის პლექსიგლასის ყუთში იდგა, დაადასტურა თავისი სახელი და მოისმინა, თუ როგორ წაიკითხა მდივანმა ახალი ბრალდებების დეტალები – ერთი გაუპატიურების, მეორე კი სექსუალური ხასიათის თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ ბრენდმა თავი უდანაშაულოდ ცნო. დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ ბრენდის წინააღმდეგ დამატებითი ბრალდებები გასული წლის ბოლოს წამოაყენა მას შემდეგ, რაც ორმა ახალმა ქალმა განაცხადი შეიტანა. სავარაუდოდ, აღნიშნული ინციდენტები 2009 წელს მოხდა. ახალი ბრალდებები 2025 წლის აპრილში ბრენდის წინააღმდეგ წაყენებულ ხუთ ბრალდებას დაემატა. ეს ბრალდებები ოთხ ქალს ეხებოდა და მოიცავდა გაუპატიურების ორ, უხამსი ქმედების ერთ და სექსუალური ხასიათის თავდასხმის ორ ბრალდებას. ხელისუფლება აცხადებს, რომ სავარაუდო ინციდენტები 1995-2005 წლებში მოხდა. ბრენდმა ამ ბრალდებებზეც თავი უდანაშაულოდ ცნო. ბრენდის სასამართლო პროცესი ხუთ თავდაპირველ ბრალდებაზე ივნისში უნდა დაიწყოს და, სავარაუდოდ, ოთხიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, მოხდება თუ არა ახალი ბრალდებების მომავალ სასამართლო პროცესში გაერთიანება, ჯერჯერობით მიუღებელია. სამშაბათის სხდომაზე მოსამართლე ჯოელ ბენნათანმა ეს საკითხი პროკურატურასთან და დაცვასთან განიხილა, რის შედეგადაც ორივე მხარე მოგვიანებით გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა. მეტროპოლიტენის პოლიციამ ბრენდის გამოძიება 2023 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალმა მას არასათანადო ქცევაში დასდო ბრალი „თაიმსსა“ და Channel 4-ის საგამოძიებო შოუ „დისპაჩესში“. ბრენდმა არაერთხელ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. აპრილში მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა: „სანამ უფლის შუქში ვიცხოვრებდი, სულელი ვიყავი. ნარკომანი, სექსზე დამოკიდებული და იდიოტი ვიყავი. მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ მოძალადე“.