სავანა გათრიმ და მისმა დედმამიშვილებმა შაბათს ახალი ვიდეო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მათი დედის, ნენსის სავარაუდო გამტაცებლებს განუცხადეს: „ჩვენ გადავიხდით“. „ჩვენ მივიღეთ თქვენი შეტყობინება და გვესმის“, - განაცხადა გათრიმ შაბათს Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. „გევედრებით, ახლავე დაგვიბრუნოთ დედა, რათა მასთან ერთად ვიზეიმოთ“. არც გათრის და არც ოფიციალურ პირებს მიღებული შეტყობინების დეტალები არ გაუსაჯაროვებიათ. წამყვანმა განაგრძო: „ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ სიმშვიდეს მოვიპოვებთ. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. და ჩვენ გადავიხდით“. ნენსი გათრი ბოლოს 31 იანვარს ნახეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა სავარაუდო გამოსასყიდის მოთხოვნის შესახებ ცნობები, თუმცა ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. ვარაუდობენ, რომ 84 წლის ქალი საკუთარი სახლიდან იძულებით წაიყვანეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ წინა ვიდეოში სავანამ აღნიშნა, რომ დედამისის გული „მყიფეა“ და ის „მუდმივ ტკივილში“ ცხოვრობს, ასევე, გადარჩენისთვის წამლები სჭირდება. მან სავარაუდო გამტაცებლებსაც მიმართა: „ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხმები და გამოსახულებები ადვილად მანიპულირდება. ეჭვგარეშე უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცოცხალია და თქვენ გყავთ. გვინდა თქვენგან მოვისმინოთ და მზად ვართ მოვუსმინოთ“. ამ კვირის დასაწყისში, FBI-მ განაცხადა, რომ 50 000 დოლარის ოდენობის ჯილდოა შეთავაზებული ნენსის პოვნაში ან/და მისი გაუჩინარებაში მონაწილე ნებისმიერი პირის დაპატიმრებასა და მსჯავრდებისთვის. შერიფმა კრის ნანოსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არცერთი ეჭვმიტანილი ან საინტერესო პირი არ არის იდენტიფიცირებული. „ჩვენს თვალში ყველა ჯერ კიდევ ეჭვმიტანილია“, - თქვა ნანოსმა. „ოჯახი ძალიან თანამშრომლობს, მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ ვთხოვეთ“. ამ კვირის დასაწყისში, ხელისუფლებამ კალიფორნიაში დააკავა მამაკაცი, რომელმაც გათრის დედმამიშვილებს ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნა „ყალბი გამოსასყიდის მოთხოვნა“ და კრიპტოვალუტას ითხოვდა. „იმ თაღლითებს, რომლებიც ამ სიტუაციით სარგებლობას და მოგებას ცდილობენ – ჩვენ გამოვიძიებთ და უზრუნველვყოფთ, რომ თქვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაგეკისროთ“, - განაცხადა ჰეით იანკემ, ფენიქსის FBI-ის საველე ოფისის სპეციალურმა აგენტმა.