მსახიობი ჯეიმს ვან დერ ბიკი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია WB-ის თინეიჯერულ დრამა „დოუსონის კრიკში“ მთავარი პერსონაჟის როლით, 48 წლის ასაკში კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ოჯახმა ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი შეტყობინებით დაადასტურა: „ჩვენი საყვარელი ჯეიმს დევიდ ვან დერ ბიკი მშვიდობიანად გარდაიცვალა ამ დილით. მან თავისი უკანასკნელი დღეები გამბედაობით, რწმენითა და მადლით გაატარა. ბევრი რამ არის გასაზიარებელი მისი სურვილების, კაცობრიობის სიყვარულისა და დროის სიწმინდის შესახებ. ეს დღეები დადგება. ახლა კი ვითხოვთ მშვიდობიან პირად სივრცეს, სანამ ვგლოვობთ ჩვენს საყვარელ მეუღლეს, მამას, შვილს, ძმასა და მეგობარს.“ მსახიობი ებრძოდა კოლორექტალურ კიბოს, რომელიც 2023 წელს დაუდგინეს და საზოგადოებას 2024 წელს გაუმხილა. მას დარჩა მეუღლე, კიმბერლი ვან დერ ბიკი, და მათი შვილები: ოლივია, ჯოშუა, ანაბელი, ემილია, გვენდოლინი და ჯერემია. ვან დერ ბიკმა პროფესიული სამსახიობო კარიერა სკოლაში სწავლისას, Off-Broadway-ის სცენაზე დაიწყო, მაგრამ პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც სერიალის შემქმნელმა კევინ უილიამსონმა ის „დოუსონის კრიკში“ მიიწვია 1997 წელს. სერიალი ექვსი სეზონის განმავლობაში გადიოდა ეთერში და ხელი შეუწყო ქეთი ჰოლმსის, მიშელ უილიამსისა და ჯოშუა ჯექსონის კარიერების განვითარებასაც. მან ასევე ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ვარსითი ბლუზი“, „ტეხასის რეინჯერები“, „მიზიდულობის წესები“ და „ჯეი და მდუმარე ბობი პასუხს აბრუნებენ“, ასევე სხვა სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის „ვან თრი ჰილი“ და, უფრო ბოლო დროს, „CSI: კიბერი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და „ნიღბიანი მომღერალი“.