სიდნი სუინიმ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა პირადი შეენახა მისი ურთიერთობა ყოფილ საქმროსთან, ჯონათან დავინოსთან, ვისთან ერთადაც შვიდ წელზე მეტ ხანს ხვდებოდა. მან ასევე განმარტა, თუ როგორ გაართულა საზოგადო მოღვაწის სტატუსმა „სიყვარულის განცდა“, რასაც თან ერთვის „მარტო დარჩენის“ შიში. ჟურნალ Cosmopolitan-ისთვის გარეკანის გადაღების დროს, სიდნი სუინიმ საკუთარი სასიყვარულო ცხოვრების დეტალები გაამხილა. მიუხედავად იმისა, რომ შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბიზნესმენ ჯონათან დავინოს ხვდებოდა, მსახიობი მასთან ერთად იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. ინტერვიუში მან განმარტა, რატომ. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შვიდ-ნახევარი წლის მანძილზე ურთიერთობაში ვიყავი და ამაზე არასდროს მისაუბრია. ძალიან პირადულად ვინახავდი. არავინ გვინახავდა ერთად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცები მხოლოდ შენთვის გქონდეს“, - განმარტა „ეიფორიას“ ვარსკვლავმა. ჭორები „უხინჯო“ ვარსკვლავის დავინოსთან ურთიერთობის შესახებ 2018 წელს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 2022 წელს დაინიშნენ, თუმცა საბოლოოდ 2025 წლის მარტში დაშორდნენ. „შენ გარდა ყველა“ ვარსკვლავმა აღიარა, რომ საზოგადო მოღვაწეა. თუმცა, მან განმარტა, რომ ის 20 წელს გადაცილებულია და ჯერ კიდევ ცდილობს, სიყვარულს ჩასწვდეს. ის მიიჩნევს, რომ მილიონობით ადამიანის მუდმივი განხილვის ფონზე, ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდა. სიდნი სუინიმ დაამატა, რომ 20-იანი წლების განმავლობაში ის ინტენსიურად იყო ორიენტირებული სამსახურზე, ახლა კი სურს, მეტი გამოცდილება შეიძინოს ცხოვრებისგან. „მაგრამ რთულია იმის გადაწყვეტა, რომ სიყვარულის გამოცდა საზოგადოების თვალწინ მინდა. უბრალოდ, ვცდილობ ამ ყველაფერში გავერკვე“, - განაცხადა „თეთრი ლოტუსის“ მსახიობმა. „მოსამსახურის“ ვარსკვლავმა თქვა, რომ საზოგადოების თვალში ყოფნა ერთადერთი პრობლემა არ არის. მან აღიარა, რომ უჭირს ახალი კავშირების დამყარება და ასევე აქვს შიში, რომ „მთელი ცხოვრება მარტო დარჩება“. „არასდროს მქონია პაემანი. არასდროს გამომიყენებია გაცნობის აპლიკაციაც კი“, - განაცხადა „მზვერავების“ მსახიობმა. „ჩემი მეგობრები, რომლებიც ინდუსტრიაში არ არიან, ამბობენ: „უბრალოდ გავალთ და ვინმეს შევხვდებით“. მაგრამ მე არ შემიძლია უბრალოდ ბარში ვინმეს შევხვდე. ეს ასე არ მუშაობს.“ მიუხედავად ამისა, მას მკაფიო წარმოდგენა აქვს, როგორი პარტნიორი სურს. „ვეძებ ვინმეს, ვინც ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნება, ვისთან ერთადაც გავერთობი, მუდმივად ვისაუბრებ, ვიოცნებებ და ვიმუშავებ“, - განმარტა ორგზის ემის ნომინანტმა.