სტივენ კოგნეტი „Hell House LLC“ ფრენჩაიზიდან ემა რობერტსის მონაწილეობით ახალ ჰორორ ფილმზე მუშაობს
„Hell House LLC“-ის ფრენჩაიზის რეჟისორი, სტივენ კოგნეტი, ახალ „საშინელ ფოლკლორულ“ ჰორორ ფილმზე „ტყეში ნაპოვნი სხეული“ (A Body in the Woods) მუშაობს, რომელშიც ემა რობერტსი ითამაშებს. გადაღებები სექტემბერში დაიწყება, ფინანსირებას კი დეივ კაპლანი უზრუნველყოფს.
სტივენ კოგნეტმა დაწერა და გადაიღო „Hell House LLC“-ის ფრენჩაიზის ყველა ნაწილი. „ფაუნდ ფუთეიჯ“ (Found Footage) ჟანრის ჰორორ სერია 2015 წელს დაიწყო და მოიცავს ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: „Hell House LLC“, „Hell House LLC II: The Abaddon Hotel“, „Hell House LLC III: Lake of Fire“, „Hell House LLC Origins: The Carmichael Manor“ და ცოტა ხნის წინ გამოსულ „Hell House LLC: Lineage“-ს, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა, სერიის ბოლო (მაგრამ ყველაზე საშიში) თავი იყოს.
სანამ ველოდებით, გაგრძელდება თუ არა ეს ფრენჩაიზი, Deadline იუწყება, რომ კოგნეტი სხვა პროექტზე გადადის. ის „ლონგლეგსის“ (Longlegs) პროდიუსერ დეივ კაპლანთან ერთად მუშაობს „საშინელ ფოლკლორულ“ ჰორორ ფილმზე, სახელწოდებით „ტყეში ნაპოვნი სხეული“ (A Body in the Woods). მთავარ როლზე ემა რობერტსი („ამერიკული ჰორორ ისტორია“) დამტკიცდა.
რობერტსი ალისა ლინკოლნის როლს შეასრულებს – ქალის, რომელიც საუკუნის დასაწყისში მარშალის ტყეებში ცხოვრობს, ადგილას, რომელიც დიდი ხანია დაწყევლილია ბოროტი ჯადოქრის ლეგენდებით. როდესაც ალისა მარტო რჩება თავის მიყრუებულ ქოხში, რათა უცნობი მაღაროელის ცხედარს უდარაჯოს, სიბნელეში მომხდარი შემზარავი მოვლენები ალისას აფიქრებინებს, რომ ცხედარი სრულად არ არის განსვენებული. ტყის გზის პირას მდუმარე ქალის გამოჩენა ალისას რეალურ კოშმარში ამწყვდევს, შიგნიდან მზარდ ბოროტებასა და კარს მიღმა მომლოდინე უსახელო საშინელებას შორის.
კოგნეტი „ტყეში ნაპოვნი სხეულს“ საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღებს. გადაღებები სექტემბერში დაიწყება, ფინანსირებას კი C2 Motion Picture Group-ის წარმომადგენელი კაპლანი უზრუნველყოფს.
კაპლანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „სტივენმა მუდმივად დაამტკიცა, რომ მას შეუძლია შექმნას შემზარავი, მაღალი დონის და ჩამთრევი ჰორორ გამოცდილება. ემა მთავარ როლშით, „ტყეში ნაპოვნი სხეული“ უდავოდ წარმატებული პროექტია.“
კოგნეტმა დაამატა: „ემა ინტელექტს და ემოციურ უშიშრობას შემოაქვს, რაც ამაღლებს ყველაფერს, რასაც ეხება. მას ესმის ჰორორი უჯრედულ დონეზე – როგორ დააბალანსოს მოწყვლადობა, ძალა და ტერორი. „ტყეში ნაპოვნი სხეულის“ მიზანია, გადავიღოთ მაღალი დონის ჰორორ ფილმი, რომელიც გამოსცდის შიშის საზღვრებს – არა მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონაჟისთვის, არამედ აუდიტორიისთვისაც, რომელიც მასთან ერთად იჯდება სიბნელეში. მინდა, რომ ხალხმა კინოთეატრი დაუწყნარებლად დატოვოს, იკითხონ, რა ნახეს და თავი ისე იგრძნონ, თითქოს რაღაცას გადაურჩნენ.“
Manifest Pictures ევროპის კინობაზრობაზე ფილმის წინასწარ გაყიდვებს წარმოადგენს. მათ განაცხადეს: „ჩვენთვის პატივია, ვიმუშაოთ ისეთ პროდიუსერთან, როგორიცაა დეივ კაპლანი, და რეჟისორთან, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით აუდიტორიის დაშინების მუდმივი გამოცდილება აქვს.“
თეგები
წყარო:
www.joblo.com