Atari-მ და Digital Eclipse-მა ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თამაშების განახლებული კოლექცია „The Disney Afternoon Collection“ Nintendo Switch-სა და Switch 2-ზე გამოვა. ციფრული რელიზი 26 თებერვალს არის დაგეგმილი, ფიზიკური ასლები კი მაისში გახდება ხელმისაწვდომი. კოლექციის ხელახალ გამოცემას ორი ახალი თამაში დაემატება: Bonkers (Sun-L და CAPCOM) და Goof Troop (CAPCOM). Atari-სა და Digital Eclipse-ის აღწერით, თამაშში Bonkers მოთამაშეებს მოუწევთ ტუნტაუნის ექვსი არაორდინალური პლატფორმული დონის გავლა, რომელიც Disney-ის ფანებისთვის უამრავ „სააღდგომო კვერცხს“ შეიცავს. Goof Troop-ში კი მოთამაშეები გუფისა და მაქსის როლში მოგვევლინებიან, რათა შინჯი მიკამის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში, მეკობრეების კუნძულიდან მეგობრები თავსატეხების ამოხსნით გადაარჩინონ. CAPCOM-მა და Digital Eclipse-მა ორიგინალი „The Disney Afternoon Collection“ PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე და PC-ზე 2017 წელს გამოუშვეს. ის მოიცავდა CAPCOM-ის ცნობილ თამაშებს: DuckTales, Ducktales 2, Chip 'n Dale Rescue Rangers, Chip 'n Dale Rescue Rangers 2, TaleSpin და Darkwing Duck. ყველა ეს თამაში ადაპტირებულია სერიალებიდან, რომლებიც 90-იან წლებში The Disney Afternoon-ის სატელევიზიო ბლოკში გადიოდა. ორიგინალი კოლექცია მოთამაშეებს სთავაზობდა პროგრესის უკან გადახვევის ფუნქციას შეცდომების გამოსასწორებლად, ხელოვნების გალერეას, თამაშის მუსიკის პლეერს, ასევე Time Attack და Boss Rush რეჟიმებს ყველა თამაშისთვის. აღსანიშნავია, რომ Switch-ისა და Switch 2-ის ხელახალი გამოცემა არ მოიცავს Time Attack და Boss Rush რეჟიმებს Bonkers-ისა და Goof Troop-ისთვის.