გასულ აპრილს, სერიალ „The Last of Us“-ის (ვიდეო თამაშის HBO-ს ადაპტაცია) მეორე სეზონის ეთერში გასვლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, HBO-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ შოუ მესამე სეზონზეც გაგრძელდებოდა. ამჟამად, „The Last of Us“-ის მესამე სეზონი წარმოებისთვის ემზადება, თუმცა გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ქასთს ერთი მსახიობი გამოაკლდა – დანი რამირესმა, რომელიც სერიალის მეორე სეზონში მენის პერსონაჟს ასრულებდა, გადაღებების გრაფიკის კონფლიქტის გამო პროექტი დატოვა. Deadline-ი იუწყება, რომ ვაკანტური ადგილი უკვე შევსებულია – მენის როლს ახალ სეზონში ხორხე ლენდებორგ უმცროსი („ადამიანი-ობობა: გზა სახლისკენ“) შეასრულებს. ქასთს კლეა დიუვალიც („პოკერ ფეისი“) შეუერთდა და ის სერაფიტს განასახიერებს. სერაფიტები, ანუ „ნაწიბურები“, არის „პრიმიტივისტული რელიგიური კულტი“, რომელიც მეორე სეზონში გაგვეცნო. მენი არის „ერთგული ჯარისკაცი, რომლის ოპტიმისტური განწყობა მალავს ძველი ჭრილობების ტკივილს და შიშს, რომ ის მეგობრებს მაშინ ვერ დაეხმარება, როცა მათ ყველაზე მეტად დასჭირდებათ“. ის „ციცინათელების“ ყოფილი წევრია, რომელიც მეორე სეზონში ების (კეიტლინ დევერი) ეხმარება ჯოელზე (პედრო პასკალი) შურისძიებაში იმ ხოცვა-ჟლეტისთვის, რომელიც ჯოელმა „ციცინათელების“ საავადმყოფოში ელის (ბელა რემსი) გადარჩენისას ჩაიდინა პირველ სეზონში. ვიდეო თამაშის „The Last of Us“ სიუჟეტი ვითარდება სოკოვანი ჭირის გავრცელებიდან წლების შემდეგ, რომელმაც კაცობრიობის დიდი ნაწილი გაანადგურა და უმეტესობა მანკიერ ზომბისმაგვარ მონსტრებად აქცია. სიუჟეტი მიჰყვება ჯოელს, რომელიც მილიტარიზებულ საკარანტინო ზონაში ცხოვრობს. მას ახლო ურთიერთობა აქვს ტესთან, რომელიც ამ თემის შავ ბაზარზე მოღვაწეობს. ისინი ერთად ცნობილი გახდნენ ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში თავიანთი დაუნდობლობით. მოპარული იარაღის დასაბრუნებლად დაწყებული მისიის დროს, ისინი ხვდებიან წინააღმდეგობის ჯგუფის, „ციცინათელების“ ლიდერს, რომელიც მათ ავალებს ახალგაზრდა გოგონას, სახელად ელის, ზონიდან გაყვანას. ეს მისია მალე იმაზე ბევრად მასშტაბური ხდება, ვიდრე ისინი ელოდნენ. აი, მეორე სეზონის მოკლე აღწერა: პირველი სეზონის მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჯოელი და ელი კონფლიქტში ეფლობიან ერთმანეთთან და სამყაროსთან, რომელიც იმაზე ბევრად საშიში და არაპროგნოზირებადია, ვიდრე ის, რაც მათ დატოვეს. კრეიგ მეიზინი „The Last of Us“-ის მესამე სეზონის ერთადერთი შოურანერია. ნილ დრაკმანი, „Naughty Dog“-ის ვიდეო თამაშების თანაავტორი, რომლითაც სერიალი არის შთაგონებული, ასევე იყო სერიალის შემოქმედი, აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი პირველი ორი სეზონის განმავლობაში, თუმცა ის ამჟამად შორდება შემოქმედებით პროცესს, რათა ვიდეო თამაშებზე მუშაობაზე მოახდინოს ფოკუსირება. გასულ წელს, HBO-სა და HBO Max-ის კონტენტის თავმჯდომარემ/აღმასრულებელმა დირექტორმა კეისი ბლოისმა განაცხადა, რომ ახალ ეპიზოდებს 2027 წლამდე არ უნდა ველოდოთ. მან ასევე არ იცოდა, იქნება თუ არა „The Last of Us“-ის მესამე სეზონი შოუს დასასრული. Variety-სთან ინტერვიუში მან თქვა: „სერიალი ნამდვილად დაგეგმილია 2027 წლისთვის. კრეიგი ჯერ კიდევ მუშაობს იმაზე, იქნება ეს კიდევ ორი სეზონი თუ ერთი გრძელი სეზონი. ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და მე კრეიგის ხელმძღვანელობას მივყვები ამ საკითხში.“