უაინონა რაიდერი Netflix-ის სამყაროში რჩება. „უცნაური ამბების“ ვარსკვლავი „ოთხშაბათის“ მესამე სეზონში დაამტკიცეს. ეს ნაბიჯი „ბითლჯუსის“ და „ედუარდ მაკრატელხელების“ ვარსკვლავს კვლავ დააახლოებს „ოთხშაბათის“ რეჟისორსა და აღმასრულებელ პროდიუსერ ტიმ ბარტონს, ისევე როგორც მის „ბითლჯუს ბითლჯუსის“ პარტნიორ ჯენა ორტეგას. რაიდერი მოწვეული მსახიობის როლს შეასრულებს, რომლის დეტალები ამჟამად გასაიდუმლოებულია. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უაინონა შემოგვიერთდა, ის იდეალურად ერგება ამ სამყაროს“, - განაცხადა ბარტონმა. „ის ჩემი ძვირფასი მეგობარია. თავს ყოველთვის იღბლიანად ვგრძნობ, როცა მასთან ვმუშაობ“. სერიალის შემქმნელებმა და შოურანერებმა, ალ გოფმა და მაილს მილარმა, დაამატეს: „როდესაც საქმე ეხება გარიყულებს (Outcasts), უაინონა რაიდერი უდავოდ საუკეთესოა (GOAT). მისი ლეგენდარული პარტნიორობა ტიმ ბარტონთან კინემატოგრაფიის ყველაზე დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა. მოხარულნი ვიყავით მასთან თანამშრომლობით „ბითლჯუს ბითლჯუსის“ შექმნისას და კიდევ უფრო აღფრთოვანებულები ვართ მისი Nevermore-ში მიღებით“. ის შეუერთდება ევა გრინს („მის პერეგრინის სახლი უცნაური ბავშვებისთვის“), რომლის შესახებაც უკვე ცნობილი იყო, რომ მომავალ სეზონში მორტიშა ადამსის დას, ოფელიას, განასახიერებს. „ოთხშაბათის“ მეორე სეზონი გასულ წელს გამოვიდა და Netflix-ის ყველა დროის მე-5 ყველაზე ნახვადი ინგლისურენოვანი სერიალი გახდა. პირველი სეზონი კი კვლავ რჩება სტრიმინგის პლატფორმის ყველა დროის ყველაზე ნახვად ინგლისურენოვან სერიალად.