Amazon Prime Video-მ დაადასტურა მომავალი მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „Pretty Lethal“-ის გამოსვლის თარიღი, რომელშიც „მაკულატურის“ ვარსკვლავი ემა თურმანი თამაშობს. სტრიმინგ სერვისმა ასევე გამოაქვეყნა ფილმის პირველი ორი ფოტო. აღსანიშნავია, რომ სურათი 2026 წლის South by Southwest კინო და ტელე ფესტივალის პროგრამის ნაწილია. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „Ballerina Overdrive“ და მთავარ როლებზე მოიაზრებოდნენ ლინა ჰიდი, იარა შაჰიდი და იზაბელა მერსედი. თუმცა, სამეულმა დატოვა პროექტი მას შემდეგ, რაც გადაღებების დაწყების თარიღი 2023 წლის მეორე კვარტლიდან 2024 წლამდე გადაიდო. ამის შედეგად, მათ ადგილას მსახიობებს ემა თურმანი, მედი ზიგლერი და ავანტიკა შეუერთდნენ. Amazon Prime Video-მ განაცხადა, რომ „Pretty Lethal“ სტრიმინგ სერვისზე 2026 წლის 25 მარტს გამოვა. მისი პრემიერა კი South by Southwest ფესტივალზე 12 დღით ადრე, 13 მარტს შედგება. სიუჟეტი ხუთ ბალერინაზეა, რომლებსაც ძლიერი მეტოქეობა აქვთ და ერთმანეთთან თითქმის არ საუბრობენ. პრესტიჟულ საცეკვაო შეჯიბრზე გამგზავრებისას, ავტობუსი, რომლითაც ისინი მგზავრობენ, ფუჭდება. ხვდებიან რა, რომ სხვა გზა არ აქვთ, ისინი უხალისოდ აფარებენ თავს გზისპირა სასტუმროს, რომელსაც ყოფილი ბალეტის ვარსკვლავი და განდეგილი, დევორა კასიმირი (ემა თურმანი) მართავს. ხუთეული მაშინვე ეჭვობს, რომ სასტუმროში რაღაც უცნაური ხდება და მალევე რწმუნდებიან თავიანთ სიმართლეში. შედეგად, ისინი გაქცევას ცდილობენ და გადარჩენის შანსების გასაზრდელად იყენებენ თავიანთ მრავალწლიან მკაცრ, მაგრამ დისციპლინირებულ ვარჯიშს. „კლასიკურად გაწვრთნილი, ერთად სასიკვდილო“. „Pretty Lethal“-ის პრემიერა SXSW 2026-ზე და სტრიმინგი Prime Video-ზე 25 მარტს. სტრიმინგ სერვისმა სოციალურ ქსელებში „Pretty Lethal“-ის ორი პირველი ფოტო გააზიარა. პირველ მათგანზე გამოსახულია ხუთი ბალერინა, სისხლით დაფარული, რომლებიც ისე დგანან, თითქოს თავდასხმისთვის ემზადებიან. მეორე ფოტოზე კი თურმანის გმირი კასიმირი მაკიაჟს იკეთებს, როდესაც ერთ-ერთი ბალერინა მას შორიდან აკვირდება. ვიკი ჯუსონმა, რომელიც ცნობილია სერიალ „The Witcher“-ის პრიქველ მინისერიალ „The Witcher: Blood Origin“-ზე მუშაობით, ფილმი ქეით ფროინდის სცენარის მიხედვით გადაიღო. პროდიუსერები არიან დევიდ ლეიჩი, კელი მაკკორმიკი, მაიკ კარზი, უილიამ ბინდლი, პირს ტემპესტი და ენი მარტერი. თურმანის, ავანტიკას და მედი ზიგლერის გარდა, „Pretty Lethal“-ში ასევე მონაწილეობენ ირის აპატოუ, ლანა კონდორი, მილისენტ სიმონდსი, მაიკლ კალკინი და ლიდია ლეონარდი.