HBO-მ ოფიციალურად გამოაცხადა სერიალ „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის მსახიობთა შემადგენლობა. ქასთის სიაში შედიან ჰელენა ბონემ კარტერი, სტივ კუგანი, კალებ ჯონტ ედვარდსი, მარისა ლონგი, ალექსანდრ ლუდვიგი, კრის მესინა და ეი ჯეი მიჩალკა. ბონემ კარტერისა და მესინას პროექტთან დაკავშირებით ადრე გავრცელდა ხმები, თუმცა ეს მათი მონაწილეობის პირველი ოფიციალური დადასტურებაა. Variety იუწყება, რომ „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონი მარისა ლონგისთვის სატელევიზიო დებიუტი იქნება. პერსონაჟების დეტალები ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის მოქმედება საფრანგეთში განვითარდება, პარიზიდან საფრანგეთის რივიერამდე. სერიალის შემქმნელი მაიკ უაიტი მე-4 სეზონში კვლავ სცენარისტის, რეჟისორის და აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციებს შეასრულებს. არ არის ცნობილი, თუ როდის გავა „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონი HBO-ს ეთერში. ჰელენა ბონემ კარტერს მდიდარი კარიერა აქვს კინოსა და ტელევიზიაში, მონაწილეობა მიუღია ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მებრძოლთა კლუბი“, „კონკია“ და „ოუშენის 8 მეგობარი“. ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „მეფის სიტყვა“, რომელმაც „საუკეთესო სურათის“ ჯილდო მოიგო. ის ასევე ცნობილია ბელატრის ლესტრეინჯის როლით „ჰარი პოტერის“ ფრენჩაიზში და ტიმ ბარტონთან მრავალი თანამშრომლობით, მათ შორის „მიცვალებული პატარძალი“, „სუინი ტოდი: ფლიტ-სტრიტის დემონი დალაქი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. კრის მესინა ყველაზე მეტად ცნობილია სერიალით „მინდის პროექტი“ და ფილმებით, როგორიცაა „ვიკი კრისტინა ბარსელონა“, „მტაცებელი ფრინველები“ და „ჰაერი“. სტივ კუგანი BAFTA-ს ექვსგზის ლაურეატი და ოსკარის ორგზის ნომინანტია, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სატელევიზიო სერიალით „მე ვარ ალან პარტრიჯი“ და ფილმებით, როგორიცაა „ფილომენა“, „ტროპიკული ქარიშხალი“, „ღამე მუზეუმში“ და „სტენი და ოლი“. კალებ ჯონტ ედვარდსი შედარებით ახალი ტალანტია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ ერთი ეპიზოდში სატელევიზიო სერიალ „შავ თოვლში“. ალექსანდრ ლუდვიგი ბავშვობაში გახდა ცნობილი ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მაძიებელი: სიბნელე იზრდება“, „რბოლა ჯადოქრების მთისკენ“ და „შიმშილის თამაშები“. მის უახლეს ნამუშევრებში შედის გაი რიჩის „აღთქმა“, „ცუდი ბიჭები სამუდამოდ“ და „ცუდი ბიჭები: იმოქმედე ან მოკვდი“. ეი ჯეი მიჩალკა თავის დასთან, ელი მიჩალკასთან ერთად, ქმნის სიმღერების ავტორისა და მუსიკალურ დუეტს Aly & AJ. ეი ჯეი მიჩალკამ ადრე გაახმოვანა კატრა Netflix-ის პოპულარულ სერიალში „ში-რა და ძალაუფლების პრინცესები“. მისი ცნობილი კინოროლები მოიცავს ფილმებს „სეკრეტარიატი“ და „სუპერ 8“.